პარლამენტის დეპუტატი, ეკა ბესელია პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს. უწყების ცნობით, ბესელია პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით სხვადასხვა პირების მიმართ ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ მის მიერ მედიაში გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებითაა დაბარებული.

"დეპუტატს საგამოძიებო უწყებიდან გუშინ დაუკავშირდნენ, თუმცა მან განაცხადა, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში პროკურატურაში ვერ გამოცხადდება. ეკა ბესელიამ აღნიშნა, რომ საგამოძიებო უწყებაში მისვლის თარიღს პროკურატურას ორშაბათს თვითონ შეატყობინებს.
შესაბამისად, ამ ეტაპზე, საქართველოს პროკურატურა მოკლებულია შესაძლებლობას, პარლამენტის წევრისგან მიიღოს დამატებითი ინფორმაცია სხვადასხვა პირების მიმართ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერებით შესაძლო ზეწოლისა და შანტაჟის შესახებ", — წერია პროკურატურის განცხადებაში.

ეკა ბესელიამ გუშინ, 24 სექტემბერს განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრებს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებენ. მისი თქმით, მოქმედი ხელისუფლება იგივე მეთოდებს იყენებს, რასაც წინა ხელისუფლება. მისივე თქმით, მსგავსი სისტემა არ უნდა შენარჩუნდეს და მთავრობა უნდა შეიცვალოს.