2019 წლის ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებით, დაგროვებითი საპენსიო სქემის თანადაფინანსებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები 20 მილიონი ლარით იზრდება და 110 მილიონ ლარი ხდება.

მთავრობაში განმარტავენ: "ზრდა გამოწვეულია იმ ფაქტით, რომ საპენსიო სქემაში უფრო მეტი პირი დარჩა, ვიდრე პროგნოზირებული იყო სქემის ამოქმედებამდე".

მათივე ცნობით, საპენსიო სააგენტოს რიცხოვნობა იზრდება 5 ერთეულით, რაც გამოწვეული დაგროვებითი საპენსიო სქემის საინვესტიციო საბჭოს დაკომპლექტებით.

აგვისტოს მონაცემებით, საპენსიო სააგენტომ საპენსიო შენატანებით შვიდ თვეში 316 268 610 ლარი დააგროვა. ინფორმაცია ამის შესახებ On.ge-მ უწყებიდან საჯარო ინფორმაციის სახით მიიღო. ეს თანხა (მათ შორის გამონაკლისები) სისტემაში ჩართული 856 005 ადამიანის ხელფასიდან, დამსაქმებლისგან და სახელმწიფოსგან ჩამოჭრილი ორ-ორი პროცენტის ჯამური მაჩვენებელია.

856 ათას მოქალაქეს შორის სისტემაში თავისი სურვილით 6 899 ადამიანი ჩაერთო, დანარჩენი ყველა კი კანონმა დაავალდებულა. ნებაყოფლობით ჩართულმა ადამიანებმა 7 თვეში საშუალოდ 226 ლარი დააგროვეს, სავალდებულო წესით ჩართულებმა კი 378 ლარი.

საქართველოს პარლამენტში 2019 წლის საბიუჯეტო ცვლილებების კანონპროექტი 23 სექტემბერს დარეგისტრირდა.