ოთხი ემის მფლობელი ცნობილი პროდიუსერი, მაიკლ მენდელი 54 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მაიკლის მეუღლის განცხადებით, მენდელი კვირას საღამოს, ჰოლივუდში მდებარე თავის სტუდიაში ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა.

მაიკლ მენდელი ჰოლივუდში ათწლეულების განმავლობაში ერთ-ერთ გამორჩეულ პროდიუსერად ითვლებოდა, რომელმაც ისეთ საკულტო ანიმაციურ სერიალებზე იმუშავა, როგორებიცაა Rick And Morty და The Simpsons — სატელევიზიო სამყაროს "ოსკარებად" აღიარებული ემის ჯილდოებიც მას სწორედ ამ შოუებმა მოუტანა.

მენდელის გარდაცვალებას Rick And Morty-ის კიდევ ერთი შემქმნელი, ჯასტინ როილენდი გამოეხმაურა.

"ჩემი მეგობარი და პარტნიორი, მაიკ მენდელი გარდაიცვალა. ამის გამო სრულიად განადგურებული ვარ. მის ოჯახს თანავუგრძნობ. არ ვიცი, უშენოდ რა უნდა ვქნა, მაიკ", — წერს ჯასტინი ტვიტერზე.