უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი, მერაბ გაბინაშვილი ამბობს, რომ ქართულ სასამართლოში კლანური მმართველობის პრაქტიკა არ არსებობს. ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ჰკითხა თუ როგორ განმარტავდა ის ტერმინს "სასამართლო კლანი".

"ეს ტერმინი ძალიან ხშირად მესმის... თუ ვინმე თვლის, რომ სასამართლოს ერთიანობა იმ პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც სასამართლოსთვის დღეს გამოწვევას წარმოადგენს, არის კლანური ერთობა, მაშინ ეს მისი საქმეა. მე მინდა გითხრათ, რომ მოსამართლეთა კონფერენცია, რომელიც სასამართლოს თვითმმართველი ორგანოა, მნიშვნელოვან საკითხებზე იღებს გადაწყვეტილებას. ფაქტობრივად, თვითონ მართვას სასამართლო სისტემას. ეს ძალიან დემოკრატიული ინსტიტუტია. თუ ამ კონფერენციის მიერ რომელიმე საკითხზე, თითქმის, ერთხმად მიიღება გადაწყვეტილება, რატომღაც, ჩემდა გასაკვირად, ეს ფასდება კლანურ გადაწყვეტილებად", — აღნიშნა გაბინაშვილმა.

მერაბ გაბინაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. ის ერთ-ერთია იმ მოსამართლეებიდან, რომლებიც პარლამენტში წარდგენილ სადავო სიაში იყო. სწორედ ეს სია გახდა მმართველ პარტიაში განხეთქილების და არასამთავრობოების კრიტიკის მიზეზი. სიაში მყოფი მოსამართლეები ე.წ. კლანის წევრებად მოიაზრებოდნენ.

2006-2012 წლებში გაბინაშვილი მოსამართლედ მუშაობდა გორისა და ზესტაფონის რაიონულ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. 2019 წლის 2 ივლისს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა განიხილა პარლამენტის დეპუტატის, ნიკა მელიას საქმე და საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება, 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო და დამატებითი შეზღუდვები, ძალაში დატოვა.

მერაბ გაბინაშვილი 2013-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ამავე პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და გამჟღავნდა მოსამართლეთა საგამოცდო ტესტები.

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ექსპერტები მიუთითებენ იმაზე, რომ მერაბ გაბინაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა მოსამართლეთა უკონკურსოდ გადაყვანისა და დაწინაურების მექანიზმი. მოსამართლე გაბინაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში საბჭომ მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძისა (3 წლის ვადით) და მიხეილ ჩინჩალაძის (უვადოდ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად გამწესებას.

ამავე თემაზე: