პარლამენტში, იურიდიულ კომიტეტში დღეს, 24 სექტემბერს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატ მერაბ გაბინაშვილს უსმენენ. კანდიდატს სხვადასხვა საკითხზე კითხვებს ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია უსვამდა. მათ შორის ერთ-ერთი ეხებოდა იმას, თუ როდის გაიგო კანდიდატმა უზენაეს სასამართლოში პირველი ნომინირების შესახებ.

გაბინაშვილმა განაცხადა, რომ ზუსტი თარიღი არ ახსოვს. მისი თქმით, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო რამდენიმე დღე ან კვირა. დამაზუსტებელი კითხვების შემდეგ მან ისევ გაიმეორა: "არ ვიცი, არა, არა. დღეები არ ვიცი, რატო შეგიყვანოთ შეცდომაში".

"ყველგან მახეს ნუ ელით, მხოლოდ ზოგგანაა მახე", — განაცხადა პასუხის მიღების შემდეგ ბოკერიამ. მანვე აღნიშნა ისიც, რომ ბევრ ჩამჭრელ კითხვას ვერ დასვამს, რასაც ვერ იტყვის თანაპარტიელებზე.

მერაბ გაბინაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. ის ერთ-ერთია იმ მოსამართლეებიდან, რომლებიც პარლამენტში წარდგენილ სადავო სიაში იყო. სწორედ ეს სია გახდა მმართველ პარტიაში განხეთქილების და არასამთავრობოების კრიტიკის მიზეზი. სიაში მყოფი მოსამართლეები ე.წ. კლანის წევრებად მოიაზრებოდნენ.

2006-2012 წლებში გაბინაშვილი მოსამართლედ მუშაობდა გორისა და ზესტაფონის რაიონულ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. 2019 წლის 2 ივლისს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა განიხილა პარლამენტის დეპუტატის, ნიკა მელიას საქმე და საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარსებული აღკვეთი ღონისძიება, 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო და დამატებითი შეზღუდვები, ძალაში დატოვა.

მერაბ გაბინაშვილი 2013-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ამავე პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და გამჟღავნდა მოსამართლეთა საგამოცდო ტესტები.

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის ექსპერტები მიუთითებენ იმაზე, რომ მერაბ გაბინაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა მოსამართლეთა უკონკურსოდ გადაყვანისა და დაწინაურების მექანიზმი. მოსამართლე გაბინაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში საბჭომ მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძისა (3 წლის ვადით) და მიხეილ ჩინჩალაძის (უვადოდ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად გამწესებას.

ამავე თემაზე: