უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ალანიამ პარლამენტში გამოსვლის დასრულებისას, დასკვნის სახით უპასუხა ოპოზიციონერი დეპუტატის დილით დასმულ კითხვას და თქვა, რომ "დიახ, რუსეთი ოკუპანტია". თამარ ალანიამ განმარტა, რომ არ სურს საზოგადოებაში უკმარისობის გრძნობა დარჩეს. მან ასევე აღნიშნა, რომ მანამდე ამ პასუხის თქმის საშუალება არ მიეცა.

დღეს, 23 სექტემბერს, პარლამენტში გასაუბრების დაწყებისას ევროპული საქართველოს დეპუტატის, გიგა ბოკერიას კითხვაზე, არის თუ არა რუსეთი ოკუპანტი, თამარ ალანიამ უპასუხა, რომ "ცხადია, ეს თქვა კანონმა". ბოკერიამ ალანიას ჩაეკითხა, თუ რა შუაში იყო კანონი და შეეძლო თუ არა ეთქვა, რომ რუსეთი ოკუპანტია. ამ დროს საუბარში კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ჩაერთო და განაცხადა, რომ დეპუტატებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ მოქმედ მოსამართლეს ესაუბრებიან.

გიგა ბოკერიამ აღნიშნა, რომ მანამდე ალანიამ ღიად დააფიქსირა პოზიცია სხვა სახის დანაშაულებებზე. კერძოდ, თქვა, რომ სერიული მკვლელობა და ბავშვთა პორნოგრაფია მძიმე დანაშაულია, თუმცა თავი აარიდა ოკუპაციაზე საუბარს.

"ზედმეტი ემოციის გამოხატვა ასეთ საკითხებთან მიმართებაში არ არის საჭირო", — განაცხადა პასუხად ალანიამ. ბოკერიას დამაზუსტებელ კითხვაზე, არის თუ არა ზედმეტი ემოცია ოკუპაციის გაპროტესტება, ალანია პასუხობს: "დიახ, არ არის საჭირო. იმაზე აქცენტების გაკეთება..."

23 სექტემბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა თითოეულ კანდიდატთან. ამ ეტაპზე მოსამართლეებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

20-კაციანი სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 სექტემბერს დაამტკიცა. სიაში აღმოჩნდა ის ხუთი "სადავო" მოსამართლე, რომელიც პარლამენტში დეკემბერში წარდგენილ 10-კაციან სიაში იყო, მათ შორის, გიორგი მიქაუტაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია. წინა სია მმართველ პარტიაში განხეთქილების, არასამთავრობოებში კი პროტესტის მიზეზი გახდა.

შერჩეული 20 მოსამართლიდან, უმრავლესობას მრავალწლიანი სამოსამართლეო გამოცდილება აქვს, ორი პროკურორია, ერთი კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი.