კარდაშიან-ჯენერების ოჯახის გარეშე მსოფლიოს პოპ-კულტურის ბოლო 10-წლეული თითქმის წარმოუდგენელია. თუმცა, როდესაც ისინი საკუთარი რეალითი შოუს გულწრფელობაზე საუბრობენ, ბევრს უჭირს სერიოზულობის შენარჩუნება, მათ შორის ემის აუდიტორიასაც.

როდესაც მაიკროსოფტის თეატრის სცენაზე კენდალ ჯენერმა და კიმ კარდაშიანმა საკონკურსო პროგრამა წარადგინეს, კიმმა დარბაზის წინაშე ტელევიზიის ღირებულებებზე ისაუბრა.

"ჩვენმა ოჯახმა იცის, გულწრფელი ადამიანები როგორ საინტერესო სატელევიზიო პროდუქტს ქმნიან..." — დაიწყო კიმმა და სანამ სიტყვას დაასრულებდა, დარბაზი სიცილმა მოიცვა.

"ჩვენ ისტორიებს დადგმისა და შელამაზების გარეშე ვყვებით", — განაგრძო ჯენერმა.

როგორც CNN წერს, დარბაზის ხმა იმდენად მაღალი იყო, რომ ის სატელევიზიო ჩანაწერშიც ისმოდა.

ტვიტერის მომხმარებლებმა ისიც კი ივარაუდეს, რომ კიმი, შესაძლოა, თავის სიტყვაში ხუმრობას ცდილობდა, თავად ჯენერისა და კარდაშიანის წარმომადგენლებს ამ თემაზე მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.