ჩუბეხევი, სვანეთის ულამაზესი ნაწილი, რომელიც ნენსკრასა და ნაკრას ხეობებს აერთიანებს, ზუგდიდიდან სულ რაღაც 2 საათის გზაზე მდებარეობს.

აქ ყველაფერია იმისთვის, რომ ჩასულ ტურისტს შთაბეჭდილება დიდხანს გაჰყვეს: გულითადი მასპინძლები, მრავალფეროვანი სამზარეულო და თვალწარმტაცი ბუნება. ეკო და აგრო ტურიზმის მოყვარულებს კი ეს ორი ხეობა არაჩვეულებრივ საფეხმავლო ბილიკებს სთავაზობს.

საინფორმაციო კამპანია "სტუმრად ჩუბეხევში"

ნენსკრა ჰიდროს საინფორმაციო კამპანია "სტუმრად ჩუბეხევში", რომელიც 2019 წლის ივლისიდან დაიწყო, სწორედ ამ ადგილის ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას ემსახურება.

კომპანიამ ნენსკრასა და ნაკრას ხეობების პოპულარიზაციისათვის მუშაობა 2019 წლის ივლისიდან დაიწყო. პროექტის ფარგლებში შეიქმნა Facebook გვერდი, რომელიც მეგობრული ენითა და შთამბეჭდავი სურათებით ეპატიჟება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს ჩუბეხევში. ჭუბერისა და ნაკრას ხეობები ჟურნალისტებმაც მოინახულეს.

სოციალური პროექტები

ტურიზმი პროფესიული განათლების დაფინანსებასთან, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასთან და მცირე/საშუალო ბიზნესის ხელშეწყობასთან ერთად ნენსკრა ჰიდროს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ნაწილია.

როგორც ნენსკრა ჰიდროს საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცერი, ირინა პეტრიაშვილი აცხადებს, ტურისტული პოტენციალის ათვისება კომპლექსური სამუშაოა და მხოლოდ კერძო კომპანიის ძალისხმევა აქ საკმარისი არ არის, თუმცა საინფორმაციო კამპანიის დახმარებით ინფორმაციის სიმწირის პრობლემის გადაჭრა რეალური შესაძლებლობაა.

"კომპანია არაერთ სოციალურ პროექტს ახორციელებს, რომელიც ირიბად თუ პირდაპირ უწყობს ხელს ტურისტული პოტენციალის განვითარებას. მაგალითად, ინგლისური ენისა და კომპიუტერის კურსები ზრდასრულებისთვის, რომლებიც ჩვენი დაფინანსებით ხორციელდება, ე.წ. მექანიზაციის პროექტი, რომელიც მოსახლეობის მძიმე ტექნიკით დახმარებას გულისხმობს და ხელს უწყობს შიდა ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მცირე სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობა და სხვა. კომპანიის თითოეული სოციალური პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებიდან გამომდინარე ხორციელდება", - ამბობს ირინა პეტრიაშვილი.

საოჯახო სასტუმროები

ამჟამად ნენსკრასა და ნაკრას ხეობებში ჯამურად 20-ზე მეტი საოჯახო ტიპის სასტუმრო ფუნქციონირებს. ნაკრაში მდებარე სასტუმროები, როგორც წესი, უცხოელ ტურისტებს მასპინძლობენ, ქართველებისთვის ეს ადგილი ნაკლებად არის ცნობილი. ჭუბერში მდებარე ობიექტებს კი, უკვე რამდენიმე წელია, ნენსკრა ჰესის პროექტში ჩართული ადამიანები სტუმრობენ საკმაოდ ინტენსიურად. სასტუმროების პოვნა და დაჯავშნა უძრავი ქონების პლატფორმა area.ge-ზეც შესაძლებელია. პროფესიული ფოტოგადაღება და ინფორმაციის პორტალზე განთავსება ნენსკრა ჰიდრომ უზრუნველყო.

ეს მხოლოდ დასაწყისია. იგეგმება ორენოვანი საიტის შექმნაც, რომელიც უცხოელ ტურისტებსაც დააინტერესებს სვანეთის ამ ნაწილით. წლევანდელი საინფორმაციო კამპანია მხოლოდ პირველი ნაბიჯია, რომელიც ჩუბეხევის ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის გადაიდგა. ამ მიმართულებით სხვადასხვა სოციალური პროექტების განხორციელება კვლავაც გაგრძელდება და იმედია, მალე ნენსკრასა და ნაკრას ხეობებს ქართველებთან ერთად, მთელი მსოფლიო გაიცნობს.

ამავე თემაზე: