უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ალანია აცხადებს, რომ არ იცის და არ ახსენდება როდის შეხვდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი მდივანი ლევან მურუსიძე ქართული ოცნების თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილს. ასე უპასუხა მან ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის კითხვას, თუ როგორ აფასებდა ამ შეხვედრას.

გოცირიძემ კანდიდატს ურჩია, რომ თეორიულად წარმოედგინა და ისე შეეფასებინა ეს შეხვედრა, რადგან საბჭოს მდივანი არაფორმალურ მმართველს შეხვდა.

"სამართლებრივად როგორ უნდა შევაფასო, როდესაც მოქალაქეს შეხვდა იუსტიციის საბჭოს მდივანი, რომლებმაც ისაუბრეს სასამართლოს, ვთქვათ, უკეთ წარმართვაზე", — განაცხადა ალანიამ. მანამდე მან აღნიშნა ისიც, რომ "არ ესმის" რას ნიშნავს არაფორმალური მმართველობა.

ბიძინა ივანიშვილი ლევან მურუსიძეს არაერთხელ შეხვდა. პირველად 2013 წლის ივლისში, როცა ის პრემიერი მურუსიძე კი საბჭოს მდივანი იყო. მომდევნო შეხვედრა ამავე წლის ოქტომბერში გაიმართა. 2015 წელს ივანიშვილმა, რომელსაც თანამდებობა აღარ ეკავა, განაცხადა, რომ გირგვლიანის საქმეზე მურუსიძეს ბევრ რამეს აბრალებდნენ. 2016 წელს კი აღნიშნა, რომ მურუსიძე იყო "წინა ხელისუფლების სისტემის მსხვერპლი".

დღეს, 23 სექტემბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა თითოეულ კანდიდატთან. ამ ეტაპზე მოსამართლეებს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ.

20-კაციანი სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 სექტემბერს დაამტკიცა. სიაში აღმოჩნდა ის ხუთი "სადავო" მოსამართლე, რომელიც პარლამენტში დეკემბერში წარდგენილ 10-კაციან სიაში იყო, მათ შორის, გიორგი მიქაუტაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია. წინა სია მმართველ პარტიაში განხეთქილების, არასამთავრობოებში კი პროტესტის მიზეზი გახდა.

ამავე თემაზე: