რუსთავი 2-ში საკადრო ცვლილებების შემდეგ ეთერში კურიერი დღეს, 25 სექტემბერს ბრუნდება. არხის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი იმნაიშვილის თქმით, 9-საათიან კურიერს ნათია ლაზაშვილი წაიყვანს.

"ჩემთვის ეს არის არამარტო სიმბოლური, არამედ ძალიან სწორი. ჩვენ დავბრუნდით იმ ათვლის წერტილზე, რითიც რუსთავი 2 დღემდე ამაყობს", — თქვა იმნაიშვილმა გადაცემა სხვა შუადღეში.

ნათია ლა­ზაშ­ვი­ლი რუსთავი 2-ში არხის და­ფუძ­ნე­ბი­დან მუშაობდა. ის 1995 წლიდან 2006 წლამდე მთავარი საინფორმაციო გამოშვების წამყვანი იყო, 2006-ში კი ტელევიზია რუსთავი 2-ის სხვა სახეებთან ერთად დატოვა.

2006 წლის შემდეგ ლაზაშვილი ტელეეკრანზე 2012 წელს, მეცხრე არხის ეთერში დაბრუნდა, თუმცა, ტელეკომპანია მალევე დატოვა. ამის შემდეგ ის სამთავრობო პიარში მუშაობდა.

ერთ თვეზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც კურიერი ეთერში არ გასულა. ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანები, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და გასართობი გადაცემის ავტორი და წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. არხი დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვეს P.S.-ის გუნდმა, რეგიონის ჟურნალისტებმა და გადაცემა დილა მშვიდობისა საქართველოს ნაწილმა. გარდა ამისა, რუსთავი 2 დატოვა ვანო ჯავახიშვილმა, თამუნა ლეკვეიშვილმა, თათია სულუაშვილმა, ვასო ფხაკაძემ და კომედი ჯგუფის რამდენიმე მსახიობმა.