ემის რიგით 71-ე დაჯილდოებაზე ნეტფლიქსის ახალი ფილმის, ელ კამინოს პირველი ტრეილერი გამოვიდა. ფილმი საკულტო სერიალის, Breaking Bad-ის სიქველია, რომელშიც 6 წლის შემდეგ გავიგებთ, რა ბედი ეწია აარონ პოლის პერსონაჟს.

ტრეილერში ჯესი პინკმენი ელ კამინოში ზის. სწორედ ამ მანქანით დააღწია მან თავი გამტაცებლებს, რომლებსაც ვოლტერ ვაითი გაუსწორდა. აღელვებული ჯესი მანქანაში რადიოს უსმენს, რომელშიც პოლიცია თვითმხილველებს მოუწოდებს ინფორმაცია მიაწოდოს ადგილზე, რომელშიც პინკმენი ჰყავდათ დატყვევებული.

აარონ პოლი ემიზე ხუთჯერ იყო ნომინირებული და სამი პრიზი აქვს მიღებული მამაკაცის საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლის შესრულებისთვის. "როცა ელ კამინოს სცენარი წავიკითხე, დაახლოებით 30-60 წამი ხმას ვერ ვიღებდი და ჩემს ფიქრებში ვიყავი დაკარგული. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ მოგზაურობას ვინს გილიგანთან ერთად კიდევ ერთხელ შევუერთდი".

El Camino: A Breaking Bad Movie ნეტფლიქსზე 11 ოქტომბერს გამოვა. მისი რეჟისორი სერიალის შემქმნელი ვინს გილიგანია. სწორედ მას ეკუთვნის ფილმის სცენარიც. სავარაუდოდ, ნეტფლიქსზე გამოსვლიდან ცოტა ხნის შემდეგ ფილმი AMC-ზეც გამოჩნდება — სწორედ არხზე გადიოდა ლეგენდარული სერიალი 2008-დან 2013 წლამდე.