ბათუმში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ხუთი პირი დააკავეს. ბრალდებულები ამბობენ, რომ ამ პოლიციელმა მათ აგინა და იარაღი მიაბჯინა. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, შემთხვევა 16 სექტემბერს მოხდა. ბრალდებულები ამბობენ, რომ ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში ქეიფობდნენ, მოგვიანებით ტაქსი გამოიძახეს, რომელსაც ეზოში ელოდებოდნენ. მათი თქმით, ეზოში ხმამაღლა საუბრობდნენ და იქვე მდგომ მანქანას მიეყრდნენ. მათივე განცხადებით, აღმოჩნდა, რომ ეს მანქანა შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანს, როინ კოჩალიძეს ეკუთვნოდა, რომელიც ამ დროისთვის შვებულებაში იმყოფებოდა. ბრალდებულების თქმით, სამოქალაქო ფორმაში კოჩალიძე მათთან მივიდა, აგინა და იარაღი მიაბჯინა, რასაც ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

პროკურატურის ვერსიით, პოლიციელი როინ კოჩალიძე მათთან მივიდა, თავი წარუდგინა და წესრიგისკენ მოუწოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, ხუთი პირი მას თავს დაესხა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოში აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობენ. ბრალდების მხარე ხუთივე პირისთვის პატიმრობას ითხოვს, რადგან, მათი თქმით, მიმალვის და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, სასამართლო პროცესზე დღეს ითქვა, რომ არსებობს ჩანაწერი, სადაც დაკავებულები პოლიციელს ეუბნებიან, რომ პოლიციას პატივს სცემენ და მათ სამართალდამცველი მეგობრებიც ჰყავთ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მათ ოთხიდან შვიდ წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. ისინი მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს.

დაკავებულები გაზეთ ბათუმელების მფლობელის და დირექტორის, მზია ამაღლობელის ოჯახის წევრები არიან. გამოცემა ბათუმელების მთავარი რედაქტორი, ეთერ თურაძე ამბობს, რომ თავდაპირველად გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით გადაკვალიფიცირდა პოლიციელზე თავდასხმის მუხლით. ამაღლობელი ამბობს, რომ დაკავებულებს ბრალი იმიტომ დაუმძიმდათ, რომ როინ კოჩალიძე გავლენიანი პირია და მას შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ვლადიმერ ბორცვაძესთან არის დაახლოებული.