პარტია გამარჯვებული საქართველოს ლიდერის, ირაკლი ოქრუაშვილის მხარდამჭერებმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ კარავი გაშალეს.

მათი თქმით, კარავი იქნება იქამდე, ვიდრე "გავრილოვის ღამის" ყველა პატიმარი, მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილი პატიმრობიდან არ გათავისუფლდება. მათივე ინფორმაციით, ეს კარავი ყველას სახელობისაა და ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს შეუძლია იქ მისვლა და პროტესტის გამოხატვა.

20 ივნისის მოვლენებს საქართველოს პროკურატურა სახელმწიფო გადატრიალების მუხლით იძიებს. ამ საქმეზე ამ დრომდე 20-მდე პირია პასუხისგებაში მიცემული.

რაც შეეხება ირაკლი ოქრუაშვილს, ის თბილისის საქალაქო სასამართლომ 19 სექტემბერს პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ მიიჩნია, რომ მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიმართულებით რისკები ისევ არსებობს და ამ მიზეზით, აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა მათ მიმართ ძალაში დატოვა. ირაკლი ოქრუაშვილი 25 ივლისს დააკავეს. ის 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების საფუძველზეა დაკავებული. ეს მუხლები ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას გულისხმობს.