მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე აცხადებს, რომ რუსეთის პატრიარქის, კირილეს მილოცვა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მიმართ გაუგებარია. მისივე თქმით, აღნიშნული ქმედება, სეპარატიზმის წახალისებად აღიქმება და ხელს უშლის ქართველებსა და აფხაზებს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისაკენ სწრაფვას.

"აფხაზეთის მიწა-წყალი რომ ძირძველი ქართული ტერიტორიაა და იგი მხოლოდ საქართველოს საზღვრების ერთიანობაში უნდა იქნას აღქმული, ამას არც რუსეთის ეკლესია უარყოფს და აღნიშნულ სივრცეში საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღიარებს... გამოვთქვამთ იმედს, რუსეთის ეკლესია პატივისცემით მოეპყრობა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხს და, გამომდინარე ქრისტიანული სწავლებიდან, ხელს შეუწყობს საქართველოსა და რუსეთს, ქართველებსა და აფხაზებს, ქართველებსა და ოსებს შორის ურთიერთობების ნორმალიზებას", — წერს ჯაღმაიძე ფეისბუქზე.

რუსეთის პატრიარქმა, კირილე პირველმა რაულ ხაჯიმბას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტობა 17 სექტემბერს მიულოცა. პატრიარქის მილოცვა აფხაზურმა მედიამ გაავრცელა. კირილემ ოკუპირებული აფხაზეთის ლიდერს ჯანმრთელობა, ღვთის წყალობა და წარმატება უსურვა.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. მან არჩევნების მეორე ტურში ოპოზიციონერი, ალჰას კვიცინია დაამარცხა და დე ფაქტო პრეზიდენტი მეორე ვადით გახდა.