საქართველოს პარლამენტი ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად ახალ შრომის კოდექსზე მუშაობს. დოკუმენტის სამუშაო ვერსია უკვე არსებობს, რომლის მიხედვითაც მნიშვნელოვნად იზრდება დასაქმებულების უფლებები.

კოდექსის მეხუთე მუხლი დასაქმებულების სამუშაოს მოცულობას განსაზღვრავს. კოდექსის მიხედვით, კვირაში ნორმირებული სამუშაო გრაფიკი 40 საათია, ზეგანაკვეთური შრომის შემთხვევაში კი 48. ამავე კანონის ერთ-ერთი მუხლი (16) კი განმარტავს, რომ აკრძალულია ერთზე მეტი სრული ან არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირების დასაქმება, თუ სამუშაო საათების მოცულობა კვირაში 48 საათს აღემატება.

კანონპროექტის მომზადებაში ჩართული იყო საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, დიმიტრი ცქიტიშვილი. მისი თქმით, კოდექსი იცავს დასაქმებულის უფლებებს და არასწორი ინტერპრეტაციაა ის, რომ კანონი კრძალავს რამდენიმე სამსახურში ერთდროულად მუშაობას.

"თუ ადამიანი მუშაობს ერთ სამსახურში სრულ განაკვეთზე და შემდეგ მუშაობას აგრძელებს მეორე სამსახურში, ამის კონტროლი შეუძლებელია და რეალურად, ვერავინ აუკრძალავს დასაქმებულს. მაგრამ თუ ადამიანი ორ სამსახურში მუშაობს და ერთგან, ან ორივეგან აიძულებენ ზეგანაკვეთურ მუშაობას და ამის სურვილი არ აქვს, მას კანონი დაიცავს", — განმარტავს ცქიტიშვილი On.ge-სთან საუბრისას.