"სანამ კითხვას დასვამთ, რამე მაინც წაიკითხეთ" — ესაა გიორგი გახარიას პასუხი 20 ივნისის ღამეზე მთავარი არხის ჟურნალისტის კითხვაზე. ჟურნალისტის კითხვა შეეხებოდა სპეცრაზმელს, რომელიც გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ უმიზნებს მომიტინგეს.

"მოდით, კიდევ ერთხელ ავხსნი, ასეთ კითხვას რომ სვამთ, სამი თვე გავიდა... დამიზნებით ამ აღჭურვილობით სროლა შეუძლებელია, რაღაცა მაინც წაიკითხეთ, შეუძლებელია ამ აღჭურვილობით დამიზნებით სროლა. ცინიკური ღიმილის გამო დაისჯება [სპეცრაზმელი]", — თქვა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა ჟურნალისტს, ასევე, ურჩია, რომ 20 ივნისის ღამეზე საუბრისას სერიოზული სახე ჰქონდეს, რადგან ღიმილი უხერხულია. ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როცა გიორგი გახარიამ ჟურნალისტს შენიშვნა მისცა.

20 ივნისის აქციიდან მესამე თვეს, გიორგი გახარიამ ისევ გაიმეორა, რომ გავრილოვის დღე იყო პარლამენტის შტურმით აღების ღამე. პარლემენტის წინ აქცია #სირცხვილიას მონაწილეები 20 ივნისის მოვლენებს უკვე მესამე თვეა აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები პოლიტიკურ პასუხისმგებლობას გიორგი გახარიას აკისრებენ. ყოფილი შს მინისტრი მმართველმა პარტიამ დააწინაურა და ის დღეს პრემიერია.

ოკუპანტი პარლამენტში

20 ივნისი ამ ზაფხულის ყველაზე დასამახსოვრებელ თარიღად იქცა. ეს დღე საქართველოს პარლამენტის სპიკერის სავარძელში მოკალათებული რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის კადრით დაიწყო. სერგეი გავრილოვი რუსეთის კომუნისტური პარტიის წევრია. იგი ცნობილია იმით, რომ აღიარებს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას.

ამავე დღეს მოვლენები იმით განვითარდა, რომ პარლამენტთან მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქცია გამართეს, მოგვიანებით კი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის გადადგომა მოითხოვეს. პარალელურად, ასამბლეა, რისთვისაც რუსული დელეგაცია ჩამოვიდა, ჩაიშალა.

პარლამენტის წინ ათასობით ადამიანი შეიკრიბა. სპეციალურად მოწყობილ სცენასთან გამოჩნდნენ პოლიტიკოსებიც, რომლებმაც საზოგადოებას მიმართეს. აქცია რამდენიმე საათის განმავლობაში მშვიდობიანად მიმდინარეობდა. საღამოს ათი საათისთვის სამართალდამცავებს აქტივისტების ნაწილი დაუპირისპირდა. დაპირისპირება აქტივისტების ნაწილის პარლამენტში შეღწევის მცდელობას მოჰყვა. ღამის 12 საათისთვის ძალოვანმა სტრუქტურებმა ცრემლსადენი გაზისა და რეზინის ტყვიების გამოყენებით, გაუფრთხილებლად დაშალეს აქცია. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, კლინიკაში 240 ადამიანი გადაიყვანეს. დაშავდა მინიმუმ 34 ჟურნალისტი. თვალი დაკარგა ორმა ახალგაზრდამ.

მომდევნო დღეს ქართულმა ოცნებამ პოლიტსაბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარე პასუხისმგებლობას იღებს, ამიტომ ირაკლი კობახიძე გადადგა.