ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) რუსეთში ეთნიკურად ჩეჩენი რამზან ახიადოვის ექსტრადიციას ეხმიანება. ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ქართულმა მხარემ დაკავებულის მიმართ წამებისა და არასათანადო მოპყრობის რისკები სათანადოდ არ შეაფასა. რამზან ახიადოვი რუსეთის მიერ ინტერპოლით ძებნილი პირია. მას ტერორიზმის მხარდაჭერაში ედება ბრალი.

EMC-ის განცხადებით, სასამართლომ მიუთითა, რომ ახიადოვის მიმართ უფლებების დარღვევის რისკი არ არსებობდა, რამდენადაც რუსეთის პროკურატურამ შესაბამისი გარანტიები წარადგინა. ექსტრადიციის შესახებ შუამდგომლობა დააკმაყოფილა სასამართლოს სამივე ინსტანციამ და ახიადოვი რუსეთს 19 სექტემბერს გადასცეს.

ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ახიადოვის მიმართ მიღებულ სასამართლო აქტებში და იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებაში სათანადოდ არ არის დასაბუთებული რამზან ახიადოვის მიმართ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მაღალი რისკის არარსებობა.

"სასამართლო და იუსტიციის სამინისტრო ეყრდნობიან მხოლოდ ფორმალურ მითითებებს, რომ რუსეთის ფედერაციას აღებული აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში საერთაშორისო ვალდებულები და წარმოადგინეს უფლების დაცვის შესახებ გარანტია. საქართველოს კომპეტენტური უწყებების ამგვარი განმარტებები განსაკუთრებით პრობლემურია იმ ფონზე, როდესაც საერთაშორისო დონეზე განსაკუთრებით ხშირად მახვილდება ყურადღება რუსეთის ფედერაციაში ადამიანთა უფლებების მასობრივ, მძიმე დარღვევებზე და საპატიმრო დაწესებულებებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებზე", — აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

EMC-ში ამბობენ, რომ რუსეთის სასჯელაღსრულების სისტემა უფრო მკაცრია ეთნიკურად ჩეჩნების მიმართ, რომლებიც ჩეჩნეთის ავტონომიური რესპუბლიკის ავტორიტარულ სისტემაში პოლიტიკურ ან რელიგიურ "მტრებად" განიხილებიან:

"ამ კუთხით აღსანიშნავია, რომ რამზან ახიადოვის შემთხვევაში რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში ხაზგასმით არის მითითებული, რომ ის "ვაჰაბიზმის" მცდარი იდეოლოგიის ჭეშმარიტებაში დარწმუნებული პირია და ტერორიზმთან არის დაკავშირებული".

ორგანიზაციაში განმარტავენ, რომ უცხო სახელმწიფოს მოქალაქის მიერ საზღვარგარეთ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ბრალდების ხასიათის გათვალისწინებით, შესაძლებელია პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა საქართველოში განხორციელდეს თუ ეს გათვალისწინებულია კონკრეტულ დანაშაულებზე საერთაშორისო ხელშეკრულებით და თუ პირის მიმართ ექსტრადირების მომთხოვნ სახელმწიფოში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკები არსებობს.

"ახიადოვის მიმართ ტერორიზმის ბრალდებისა და რუსეთის ფედერაციაში ადამიანთა უფლებების მასობრივი დარღვევის ფაქტების გათვალისწინებით საქართველოს ჰქონდა შესაძლებლობა ახიადოვის მხრიდან ტერორიზმის დანაშაულის ჩადენის დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში თავად ეწარმოებინა მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა რუსეთის ფედერაციაში ექსტრადირების ნაცვლად".

EMC მიიჩნევს, რომ რამზან ახიადოვის საქმეში საქართველოს მხრიდან რუსეთში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის რისკების სათანადოდ შეუფასებლობა და დაკავებული პირის დაუყოვნებლივი გადაცემა, არღვევს წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვის აბსოლუტურ უფლებას.

რამზან ახიადოვის საქმე

EMC-ის ინფორმაციით, რამზან ახიადოვი 2017 წლიდან ამ დრომდე ქუთაისში ცოლთან და ოთხ არასრულწლოვან შვილთან ერთად ცხოვრობდა. 2018 წლის დეკემბერში იგი საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს, რადგან რუსეთში იგი იძებნებოდა ტერორისტული მოქმედებების ხელშეწყობის, არაკანონიერ შეიარაღებულ დაჯგუფებაში მონაწილეობის ტერორისტული ორგანიზაციის მოქმედებების ორგანიზებისა და მსგავს მოქმედებებში მონაწილეობის მიღებისთვის. ახიადოვმა სწორედ დაკავებისას აღმოაჩინა, რომ ინტერპოლით იძებნებოდა.

ორგანიზაციის განმარტებით, რუსეთის უთითებდა, რომ რამზან ახიადოვი 2013-2014 წლებში გაემგზავრა სირიაში და შეუერთდა ე.წ. ისლამურ სახელმწიფოს. ამის საპირისპიროდ, რამზან ახიადოვმა დაკავებისთანავე განმარტა, რომ 2013-2017 წლებში, იგი თურქეთში ცხოვრობდა და მუშაობდა, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებები მან სასამართლოს წარუდგინა.

დაკავებული განმარტავდა, რომ ის იდევნებოდა ჩეჩნეთის პრეზიდენტის რამზან კადიროვის კრიტიკის გამო, რის გამოც ის იძულებული გახდა, საცხოვრებლად თურქეთში გადასულიყო. გასაუბრების ოქმში ახიადოვი კადიროვის მხრიდან შევიწროების და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე უთითებდა. ამ ფაქტების დასადასტურებლად, მისი ოჯახის წევრების გამოკითხვას ითხოვდა, თუმცა, სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

დაკავებული და მისი ადვოკატი ამტკიცებდნენ, რომ ექსტრადირების შემთხვევაში რამზან ახიადოვი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მაღალი რისკის ქვეშ აღმოჩნდებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით ახიადოვმა საქართველოში ლტოლვილის სტატუსის მიღება ითხოვა. თუმცა, მოთხოვნა ჯერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტმა, მოგვიანებით კი ორივე ინსტანციის სასამართლომ არ დააკმაყოფილა.