საქართველოს მთავარმა პროკურატურამ პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ პატიმრების შეწყალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტების საქმეში ვინ ფიგურირებს.

"საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მსჯავრდებულების: რამაზ დევაძის, ასლან ბეჟანიძის, ზურაბ ნადირაძის და სხვა პირთა შეწყალების პროცესში სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო ბოროტად გამოყენების ფაქტზე", — აღნიშნულია განცხადებაში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ამ მუხლით, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის რაიმე გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

პატიმრების შეწყალება

პრეზიდენტის მიერ შეწყალების სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე კვირაში არაერთი კითხვა დაისვა. 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობისას მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. მის ექსტრადიციას საქართველოს მთავრობა 23 წლის განმავლობაში ითხოვდა.

მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ბეჟანიძე 2016 წლის მარტში დააკავეს და 11 წელი ჰქონდა მისჯილი.

ამასთანავე, პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

რამდენიმე კვირის წინ თვითონ სალომე ზურაბიშვილმა მაშინ გადაწყვეტილების განმარტებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

"ეს უცებ გახდა რაღაც სალაპარაკო პრობლემა იმ დროს, როცა აქ ამდენი არის პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში", — თქვა მაშინ ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთანავე, მკვლელობისთვის მჯავრდებულთა შეწყალება მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის. რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების უფლება დაიხვეწოს. დღეს, 18 სექტემბერს მან შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.