ოკუპირებულ აფხაზეთში ხალხის ერთიანობის მისაღწევად ვერტმფრენიდან ტაძრებს ნაკურთხი წყალი მოაპკურეს. როგორც ადგილობრივი ეკლესიის პრორუსი ხელმძღვანელი, ბესარიონ აპლია ამბობს, ნაკურთხი წყლის მოპკურება საზოგადოებრივი უთანხმოების დაძლევისკენ იყო მიმართული.

"მსგავსი რამ ჩვენ ადრეც გაგვიკეთებია, თუმცა არ მახსოვს რომელ წელს იყო. როდესაც ასეთი დაპირისპირებაა, ჩვენ ერთიანობისთვის ყველა ტაძარში ვლოცულობთ. დღეს საშუალება გვქონდა, რომ ვერტმფრენში ჩამსხადრვიყავით, ცაში ავსულიყავით", — აღნიშნა აპლიამ.

აფხაზეთის ტაძრებს სულ 12 ლიტრი ნაკურთხი წყალი მოაპკურეს, რასაც სამი საათი დასჭირდა.

რამდენიმე დღის წინ ოკუპირებულ აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, სადაც მოქმედმა ლიდერმა, რაულ ხაჯიმბამ გაიმარჯვა. ოპოზიციონერმა ალჰას კვიცინიამ შედეგები არ სცნო და სასამართლოში იჩივლა. დე ფაქტო სასამართლომ კვიცინიას სარჩელი არ დააკმაყოფილა და ხაჯიმბა დე ფაქტო პრეზიდენტად დატოვა.