საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ გივი რაზმაძის ოჯახის, რომლის სახლიც გუგუტიანთკარში საოკუპაციო ხაზს მიღმა მოხვდა, ახალი სახლი უყიდა. ამის შესახებ ხაზარაძე Facebook-ზე წერს.

"სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ გამყოფი ხაზის გადმოწევის შედეგად ადგილობრივი მაცხოვრებლის, გივი რაზმაძის სახლი მოყვა მავთულხლართების მეორე მხარეს. მე და ჩემი მეგობრები ამ შემთხვევიდან რამდენიმე საათში დავუკავშირდით ბატონ გივის და პირობა მივეცით, რომ ზუსტად ერთი თვის თავზე საცხოვრებელი სახლი მზად იქნებოდა და მას გადაეცემოდა საჩუქრად. რამდენჯერმე გვქონდა კომუნიკაცია რაზმაძეების ოჯახთან. სახლი მზად არის და შეგვიძლია ნებისმიერ დროს გავაგზავნოთ მითითებულ მისამართზე", — წერს ხაზარაძე.

ხაზარაძემ 16 აგვისტოს თქვა, რომ რაზმაძეების ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნებოდა. 15 აგვისტოს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვრის გავლების უკანონო პროცესი განაახლა. საქართველოს მოქალაქეების, რაზმაძეებისა და გუგუტიშვილების ნაკვეთებში რუსი სამხედროები ძელებს არჭობდნენ. ეს ოჯახები სწორედ ამ მიწის ნაკვეთებს ამუშავებდნენ და მოსავალი მოჰყავდათ.