ვინ არიან უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის კანდიდატები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელი მოსამართლეების არჩევის პროცესმა პარლამენტში გადაინაცვლა. შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში გაიმართება თითოეულ კანდიდატთან შეხვედრა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 20-კაციანი სია 4 სექტემბერს დაამტკიცა. სიაში აღმოჩნდა ის ხუთი "სადავო" მოსამართლე, რომელიც პარლამენტში დეკემბერში წარდგენილ 10-კაციან სიაში იყო, მათ შორის, გიორგი მიქაუტაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია. კანდიდატების ნაწილს არასამთავრობო ორგანიზაციები მურუსიძე-ჩინჩალაძის კლანის წევრებად მოიხსენიებენ.

შერჩეული 20 მოსამართლიდან უმრავლესობას მრავალწლიანი სამოსამართლეო გამოცდილება აქვს, ორი პროკურორია, ერთი კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი.

გთავაზობთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების საქმიანობის შესახებ ინფორმაციას, რომელიც საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მკვლევარებმა მოამზადეს.

თამარ ალანია

მოსამართლე თამარ ალანია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის უვადო მოსამართლეა, 2006-2016 წლებში კი სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლედ მუშაობდა.

ფოტო: თბილისის საქალაქო სასამართლო

გადაწყვეტილებები

თამარ ალანიას სახელი არასრულწლოვან გვანცა ყუფარაძის საქმესთანაა დაკავშირებული. 2007 წლის ივნისში ბრალდებულ გვანცა ყუფარაძეს პირველი ინსტანციის სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლომ, ხოლო უზენაესმა საჩივარი დაუშვებლად ცნო.

მოსამართლე თამარ ალანიამ განიხილა 2009 წლის ხუთ მაისს მუხროვანის ჯავშან-სატანკო ბატალიონში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საქმე — ე.წ. მუხროვანის ამბოხი. მან არ დააკმაყოფილა საჩივრები, ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა ყოფილ სამხედრო მეთაურებს.

პროკურატურამ ბრალდებულებს ხელისუფლების ჩამოგდების მიზნით ამბოხის მოწყობაში დასდო ბრალი. საქალაქო სასამართლომ გადაწყვიტა, რომ მათი ქმედება არა ამბოხი, არამედ დაუმორჩილებლობაში დახმარების გაწევა იყო.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ანგარიშში გადმოცემულია მომხდარის სხვადასხვა ვერსია, ხელისუფლების გავრცელებული ოფიციალური ინფორმაცია და საზოგადოებაში დამკვიდრებული აზრი: ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, ხელისუფლებამ თავად დადგა ამბოხი მუხროვანში სამხედრო განაყოფებზე კონტროლის შენარჩუნების მიზნით, რადგან შეიარაღებულ ძალებში უკვე სერიოზულ შიდა პრობლემებს აწყდებოდა, განსაკუთრებით, აგვისტოს ომის შემდეგ. მეორე ვერსიით, მუხროვანის სამხედრო ბაზაზე ამბოხი არ მომხდარა; ეს იყო დაუმორჩილებლობა ხელისუფლებისადმი, რომელიც სამხედროებისგან აქციის მონაწილეების დარბევას მოითხოვდა.

2012 წელს საქართველოს პარლამენტმა მუხროვანის ამბოხის საქმეზე მსჯავრდებული 20 პირი პოლიტიკურ პატიმრად ცნო.

საქმიანობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

თამარ ალანია 2013-2017 წლებში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი იყო. ამ პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი გაათავისუფლეს. მანამდე ახვლედიანმა სასამართლო სისტემაში სისტემურ პრობლემებზე საჯაროდ ისაუბრა.

თამარ ალანიას საბჭოს წევრობის დროს დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც მოსამართლეთა საგამოცდო ტესტები გამჟღავნდა.

მოსამართლე თამარ ალანიას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში ცნობილი გახდა, რომ მოსამართლე ნათია გუჯაბიძე საცხოვრებელ ბინას საკუთარი დედისგან ქირაობდა და დაქირავებისათვის საჭირო ხარჯები წლების განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტიდან იფარებოდა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში თამარ ალანიამ ისე მიიღო მონაწილეობა მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რომ არ დასწრებია მათთან გასაუბრებას.

მერაბ გაბინაშვილი

მერაბ გაბინაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. 2006-2012 წლებში იგი მოსამართლედ მუშაობდა გორისა და ზესტაფონის რაიონულ და ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო

2019 წლის 2 ივლისს მოსამართლე მერაბ გაბინაშვილმა განიხილა პარლამენტის დეპუტატის, ნიკა მელიას საქმე და საქალაქო სასამართლოს მიერ შეფარსებული აღკვეთი ღონისძიება, 30 ათასი ლარის ოდენობით გირაო და დამატებითი შეზღუდვები, ძალაში დატოვა.

მერაბ გაბინაშვილი 2013-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ამავე პერიოდში თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს და გამჟღავნდა მოსამართლეთა საგამოცდო ტესტები.

ფონდის ექსპერტები მიუთითებენ იმაზე, რომ მერაბ გაბინაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა მოსამართლეთა უკონკურსოდ გადაყვანისა და დაწინაურების მექანიზმი. მოსამართლე გაბინაშვილის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის პერიოდში საბჭომ მხარი დაუჭირა ლევან მურუსიძისა (3 წლის ვადით) და მიხეილ ჩინჩალაძის (უვადოდ) თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეებად გამწესებას.

შოთა გეწაძე

შოთა გეწაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. 2011-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი. იგი 2011-2015 წლებში თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ამავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის თავმჯდომარე იყო.

ფოტო: კადრი ვიდეოდან

მოსამართლე გეწაძის სახელს უკავშირდება ბიძინა ივანიშვილისა და ეკა ხვედელიძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის საქმე. ივანიშვილის ადვოკატები მაშინ ითხოვდნენ პრეზიდენტის [მიხეილ სააკაშვილის] ბრძანებულების გაუქმებასა და მისთვის მოქალაქეობის აღდგენას.

გადაწყვეტილებები

მოსამართლე შოთა გეწაძემ სასარჩელო მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ მხოლოდ ეკა ხვედელიძეს უნდა აღუდგეს მოქალაქეობა. ბიძინა ივანიშვილის შემთხვევაში ბრძანებულება ძალაში დარჩა. ივანიშვილისა და მისი ცოლის ადვოკატები მაშინ აცხადებდნენ, რომ შუამდგომლობებზე გადაწყვეტილების წაკითხვისას, მოსამართლე სასამართლო დარბაზში ჩამწერ მოწყობილობას თიშავდა.

მოსამართლე შოთა გეწაძემ განიხილა დაღესტნელი სამოქალაქო აქტივისტის, მიკაილ კადიევის საქმეს. მოსამართლემ კადიევს უარი უთხრა ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ შეცვალა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს საკითხის ხელახლა შესწავლა დაავალა. ადვოკატი მალხაზ პატარაია აცხადებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ კადიევი რუსეთის ხელისუფლებისთვის გადასაცემად გაწირა.

მირანდა ერემაძე

თბილისის სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. 2006-2016 წლებში იგი სამოსამართლეო უფლებამოსილებას ახორციელებდა ჯავის, მცხეთისა და თბილისის საქალაქო სასამართლოებში.

ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო

მირანდა ერემაძემ 2009 წლის 9 მარტს განიხილა მაშინდელი სამოქალაქო აქტივისტის, დაჩი ცაგურიას საქმე. დადგენილების თანახმად, პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესტო აქციისას ცაგურიამ გადაკვეთა გზის სავალი ნაწილი და ავტომობილების მოძრაობა შეაფერხა, შემდეგ არ დაემორჩილა პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას და უცენზურო სიტყვები გამოიყენა მათი მისამართით. მოსამართლე მირანდა ერემაძემ დაჩი ცაგურია სამართალდამრღვევად ცნო და დააჯარიმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობისთვის.

ფონდის მკვლევრები მიუთითებენ იმაზე, რომ მოსამართლე არ განმარტავს, თუ კონკრეტულად რა მასალებსა და მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნია სამართალდარღვევის ფაქტი დადასტურებულად.

მამუკა ვასაძე

მამუკა ვასაძე გენერალური პროკურორის პირველი მოადგილეა. 2014-2015 წლებში იგი ამავე უწყებაში საგამოძიებო ნაწილის უფროსი იყო, ხოლო წინა ხელისუფლების დროს, 2005-2014 წლებში ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა.

ფოტო: საქართველოს მთავარი პროკურატურა

2018 წლის ივნის-ივლისში, ირაკლი შოთაძის გადადგომის შემდეგ, მამუკა ვასაძე გენერალური პროკურორის მოვალეობას ასრულებდა. პროკურატურის საქმიანობას უკავშირდება ბევრი გაჭიანურებული გამოძიება, მათ შორის, ხორავას ქუჩის საქმე, მაჩალიკაშვილის საქმე, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო და აუდიომასალების ინტერნეტში გავრცელება, ბირჟა-მაფიას საქმე, კლუბ ბასიანსა და გალერიში ჩატარებული სპეცოპერაციისას უფლებამოსილების გადამეტების სავარაუდო ფაქტები, ზვიად რატიანის საქმე, წინასაარჩევნოდ მომხდარი ინციდენტები. კორცხელის ინცინდენტი და სხვა.

მაია ვაჩაძე

მაია ვაჩაძე 1999 წლიდან დღემდე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეა. მანამდე, 1998-1999 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე.

ფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი

მაია ვაჩაძე უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის იმ 9-კაციან შემადგენლობაში იყო, რომელმაც რუსთავი 2-ის საქმე განიხილა და შედეგად, ტელეკომპანია ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნეს. ამით უზენაესმა სასამართლომ წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

მაია ვაჩაძემ განიხილა უზენაეს სასამართლში ტრანსგენდერი პირის პირადობის დოკუმენტებში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების საქმე. სარჩელი პირველმა ორმა ინსტანციამ არ დააკმაყოფილა. უზენაეს სასამართლოს უნდა ემსჯელა, თუ რამდენად სწორია, როცა სქესის შეცვლა განიმარტება, როგორც ქირურგიული ოპერაცია. უზენაესმა სასამართლომ დაუშვებლად ცნო საჩივარი.

ლაშა ქოჩიაშვილი

ლაშა ქოჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეა. 2007 წელს იგი საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე იყო.

ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ლაშა ქოჩიაშვილის სახელი უკავშირდება რუსთავის მეტალურგიული ქარხნის გახმაურებულ საქმეს. ქარხანა 2005-2008 წლებში ბადრი პატარკაციშვილის კორპორაცია ქართულ ფოლადს ეკუთვნოდა. მისი გარდაცვალების შემდეგ, 2008 წლის თებერვალში, ქარხნის 100-პროცენტიანი წილი ჯოზეფ ქეის მფლობელობაში მოექცა.

2013 წელს დაიწყო სამართლებრივი დავები პატარკაციშვილების კუთვნილი კომპანიების წინააღმდეგ, რომლის მიზანი იყო ქართული ფოლადის აქტივების გასხვისების ბათილად ცნობა. რუსთავის ფოლადმა პირველ ინსტანციაში სამივე დავა წააგო. სამივე დავას კანდიდატი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ლაშა ქოჩიაშვილი იხილავდა.

2016 წელს მან მეტალურგიული ქარხნის ქონება სრულად დააყადაღა. მაშინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შეაფასა აღმაშფოთებლად და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს მოუწოდა დაინტერესებულიყო ამ საქმით.

ლაშა ქოჩიაშვილი იყო იმ შვიდ მოსამართლეთა შორის, რომლებმაც 2017 წელს დატოვეს მოსამართლეთა ერთობა. წასვლის მოტივი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიმართ ორგანიზაციის კრიტიკული განცხადება იყო.

ლაშა ქოჩიაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იხილავს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 9-პროცენტიანი წილის მფლობელის, ნინო ნიჟარაძის სარჩელს, კომპანიის ყოფილი გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას და სხვა მფლობელების წინააღმდეგ. მოსამართლე ლაშა ქოჩიაშვილი იხილავდა 2016 წელს სტუდია მაესტროს გადახდისუუნარობასა და ლოგოსთან დაკავშირებულ დავებსაც.

შალვა თადუმაძე

შალვა თადუმაძე მოქმედი გენერალური პროკურორია. იგი მანამდე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანი იყო. სხვადასხვა პერიოდში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას, ხოლო 2008 წელს დააფუძნა საადვოკატო კომპანია შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგი.

ფოტო: პირველი არხი

ერთ-ერთი ბოლო საქმე, რაც შალვა თადუმაძის საპროკურორო საქმიანობას უკავშირდება, ოპოზიციონერი დეპუტატის, ნიკა მელიასთვის აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნაა. დეპუტატს ბრალად ედება 2019 წლის 20-21 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ გამართულ აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზება, ხელმძღვანელობა და მასში მონაწილეობა.

პროფესიული ეთიკის ნორმების სავარაუდო დარღვევა

შალვა თადუმაძის საადვოკატო საქმიანობისას, ერთ-ერთი საქმის განხილვის დროს, მოსამართლემ თქვა, რომ ბრალდებულს სამომავლოდ ექნებოდა დრო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ე.წ. საბადრაგო სამსახურის წარმომადგენლებთან დასამეგობრებლად. ამ ფაქტის მიუხედავად, თადუმაძემ ამ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა არ დააყენა.

ფონდის ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ამით მოსამართლემ, ფაქტობრივად, წინასწარ გამოთქვა აზრი პირის დამნაშავედ ცნობაზე, ადვოკატ თადუმაძეს კი რეაგირება არ ჰქონია. მან მოსამართლის აცილების შუამდგომლობა დააყენა სხვა საფუძვლებით და ამავე შუამდგომლობაში მოსამართლის ფრაზას "იუმორნარევი" და "ირიბი" ნათქვამი უწოდა.

სავარაუდო ინტერესთა კონფლიქტი

  • შალვა თადუმაძე სასამართლოში იცავდა ბიძინა ივანიშვილისა და მისი ცოლის, ეკა ხვედელიძის ინტერესებს, მათთვის საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის საქმეზე;
  • შალვა თადუმაძე გენერალური პროკურორის თანამდებობაზე შეარჩია საპროკურორო საბჭომ. საბჭოს ერთ-ერთი წევრი კი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი, კანდიდატის შვილის ნათლიაა;
  • შალვა თადუმაძის რეკომენდატორები არიან: ირაკლი სესიაშვილი (საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია ქართული ოცნებიდან), კობა კობალაძე (საქართველოს პარლამენტის წევრი პარტია ქართული ოცნებიდან), მაია ცქიტიშვილი (საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი);
  • საპროკურორო საბჭოს ვებგვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში მითითებულია, რომ შალვა თადუმაძე 1994-1999 წლებში სწავლობდა თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში. გენერალური პროკურატურის ვებგვერდის თანახმად, შალვა თადუმაძემ ინსტიტუტი 1999 წელს დაამთავრა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსთვის წარდგენილ განაცხადში ნოდარ დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში სწავლის პერიოდად მითითებული აქვს 1994-1998 წლები, დიპლომში კი 1993-1998 წლები უწერია. განათლების სამინისტროს ვებგვერდზე არსებულ აკრედიტებულ უნივერსიტეტებს შორის ასეთი დასახელების სასწავლებელი არ მოიძებნა. ჩამონათვალში არის თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, რომლის წარმომადგენელთა განცხადებით, შალვა თადუმაძეს ამ უნივერსიტეტში არ უსწავლია.

დიპლომის ნამდვილობის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, კანდიდატმა განმარტა:

"შემიძლია გითხრათ, ამ ქვეყანაში ცხოვრობდა ორი მილიარდერის ოჯახი და ორივე მილიარდერის ოჯახს ამ დიპლომით ვემსახურებოდი".

ზაზა თავაძე

ზაზა თავაძე 2016 წლის 20 ოქტომბრიდან საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეა. 2010 წლიდან იგი ამავე სასამართლოს მოსამართლე იყო. 2008-2010 წლებში კი იყო საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

ფოტო: საკონსტიტუციო სასამართლო

  • გენერალური პროკურატურის საკადრო უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსად მუშაობისას (2007-2008) მისი უშუალო ხელმძღვანელი იყო ზურაბ ადეიშვილი;
  • იუსტიციის მინისტრის მოადგილედ მუშაობისას (2008-2010) მინისტრი იყო ნიკა გვარამია, ხოლო შემდეგ – ზურაბ ადეიშვილი;
  • ზაზა თავაძე საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დანიშნა უზენაესი სასამართლოს პლენუმმა, შემდეგი შემადგენლობით: კონსტანტინე კუბლაშვილი, მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ზაზა მეიშვილი, ვალერი ცერცვაძე, ვასილ როინიშვილი, პაატა სილაგაძე.

ზაზა თავაძის თავმჯდომარეობით მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ ისტორიაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა სამართლებრივ სტატუსსა და უფლებრივ მდგომარეობაზე. ამ გადაწყვეტილებამ საფუძვლიანად შეცვალა ქმედუუნარობის ინსტიტუტი.

ზაზა თავაძის სახელს უკავშირდება საქმე: ჰომოსექსუალიზმი, როგორც სისხლისა და მისი კომპონენტების დონაციის აკრძალვის საფუძველი. კანდიდატის მონაწილეობით კოლეგიამ საკანონმდებლო რეგულაცია არაკონსტიტუციურად მიიჩნია კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობისა და პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლებასთან მიმართებით.

ვლადიმერ კაკაბაძე

ვლადიმერ კაკაბაძე სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის უვადო მოსამართლეა. 2006-2016 წლებში იგი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე იყო.

ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო

კანდიდატს განხილული აქვს ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული ფილიპ მორისის საქმე. მოსარჩელე "თბილისის თამბაქო" ითხოვდა კომპანია ფილიპ მორისის მიერ დემპინგით მიყენებული დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის ანაზღაურებას. მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძემ სრულად გაიზიარა მოსარჩელის პოზიცია და, შესაბამისად, სრულად დააკმაყოფილა მისი მოთხოვნები. ვლადიმერ კაკაბაძემ მოპასუხეებს, საერთო ჯამში, დაახლოებით, 92 მილიონი ლარის გადახდა დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ.

მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძე წარმოადგენდა მოსარჩელეს ბიზნესმენ ფადი ასლისთან დავაში. მოსამართლემ სარჩელი აღძრა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით მას შემდეგ, რაც ბიზნესმენმა მას კორუმპირებული უწოდა. მართალია, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში მოსამართლემ მოიგო დავა, თუმცა საქართველოს უზენაესმა სასამართლომ გააუქმა ქვედა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება და უარი უთხრა მოსამართლე ვლადიმერ კაკაბაძეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლეა. 2017 წლიდან იგი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და ამავე საბჭოს მდივანი. 2016-2017 წლებში, გიორგი მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე იყო, 2012 წლიდან კი ამავე სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა.

გიორგი მიქაუტაძე

გიორგი მიქაუტაძე

ფოტო: საქალაქო სასამართლო

2015 წელს გიორგი მიქაუტაძემ თბილისის მერიიდან პირის უკანონოდ გათავისუფლებისა და შრომით ურთიერთობებში პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის საქმე განიხილა. დისკრიმინაციული მოპყრობის დადგენასთან ერთად, მოსარჩელე მოითხოვდა სამსახურიდან გათავისუფლების აქტის ბათილობას, სამსახურში აღდგენას, იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას და დისკრიმინაციის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას.

მოსარჩელე იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც სასამართლოს მიმართა ახლადმიღებულ ანტიდისკრიმინაციულ კანონზე დაყრდნობით,თუმცა მოსამართლე მიქაუტაძემ უარი თქვა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შესწავლაზე.

მკვლევარებმა დაადგინეს, რომ დისკრიმინაციის საკითხის გადაწყვეტისას, მოსამართლეს არ შეუფასებია არც ერთი წარმოდგენილი მტკიცებულება, ასევე, სრულად უგულებელყო ანტიდისკრიმინაციული კანონის მოთხოვნები. მოსამართლემ მიუთითა, რომ "მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შესწავლის გარეშე, ვერ შეაფასებდა, მართლაც განხორციელდა თუ არა დისკრიმინაცია".

მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ პირველ რიგში, არსებითი იყო სწორედ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენა და ამის შემდეგ, შესაძლებელი იქნებოდა მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების კანონიერების შეფასება. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა დისკრიმინაცია.

საქმიანობა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში

  • გიორგი მიქაუტაძის სახელთან არის დაკავშირებული მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის, უკონკურსოდ დაწინაურების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ე.წ. 10-კაციანი სიის ფორმირებასთან დაკავშირებით;
  • გიორგი მიქაუტაძის მდივნობის დროს ცნობილი გახდა, რომ წინა მდივნის პერიოდში, განადგურდა საბჭოს სერვერი და წაიშალა საბჭოს სხდომების არაერთი ჩანაწერი;
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად არჩევიდან 7 თვეში, გიორგი მიქაუტაძის მეუღლე, მაია კვირიკაშვილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნა;
  • მოსამართლე ხვიჩა კიკილაშვილი, რომლის მიერ განხილულ საქმეში, გიორგი მიქაუტაძეს ჰქონდა დაზარალებულის სტატუსი, მალევე უვადოდ დაინიშნა მოსამართლის თანამდებობაზე ისე, რომ გიორგი მიქაუტაძე მონაწილეობდა მის გასაუბრებაში. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კრიტიკის შემდეგ კენჭისყრის ეტაპზე, მან თვითაცილების საკითხი დააყენა.

გიორგი მიქაუტაძის სახელს უკავშირდება 2016 წლის გონიოს სანაპიროზე მომხდარი ინციდენტი. მოქალაქის განცხადებით, ინციდენტის დროს გონიოს სანაპიროზე მოსამართლემ მის 13 წლის შვილს სცემა.

გამოძიება არასრულწლოვნის ცემის მუხლით დაიწყო, თუმცა, საბოლოოდ, მიქაუტაძის მიერ მოზარდის ცემაზე გაკეთებული განცხადების შედეგად, დაზარალებულად მოსამართლე სცნეს. ცემის საქმე არ გამოძიებულა და დღეს ხანდაზმულობის ვადა გასულია.

პროკურატურამ არასრულწლოვანის ცემის მუხლით დაწყებულ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და გამოძიება გააგრძელა მოსამართლის სიცოცხლის ხელყოფის მუქარის ფაქტზე. შედეგად, არასრულწლოვანი პირის მშობლები სასამართლომ 4 000 ლარით დააჯარიმა.

პაატა სილაგაძე

პაატა სილაგაძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის უვადო მოსამართლეა. მანამდე, 2008-2019 წლებში კი უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის პალატის მოსამართლე იყო.

ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო

პაატა სილაგაძე 2013-2017 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. ამ პერიოდში გაათავისუფლეს თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე მამუკა ახვლედიანი. გათავისუფლების მიზეზი ახვლედიანის საჯარო განცხადებები იყო სასამართლოში არსებულ სისტემურ პრობლემებზე. ამავე პერიოდში, სავარაუდოდ, საბჭოდან გამჟღავნდა მოსამართლეთა საგამოცდო ტესტები.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის პაატა სილაგაძეს ე.წ. კლანის ერთ-ერთ გავლენიან წევრად მოიაზრებს. 2013 წლის ივნისში გამართულ მოსამართლეთა კონფერენციაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად აირჩიეს ლევან მურუსიძე. კენჭისყრის დაწყების წინ საბჭოს მდივნობის ოთხმა კანდიდატმა – მოსამართლეებმა პაატა სილაგაძემ, ილონა თოდუამ, გიორგი შავლიაშვილმა და თამარ ალანიამ – საკუთარი კანდიდატურები ლევან მურუსიძის სასარგებლოდ მოხსნეს.

პაატა სილაგაძე დეკემბერში პარლამენტისთვის წარდგენილი მოსამართლეების სადავო 10-კაციან სიაში იყო.

პაატა სილაგაძის საბჭოს წევრობის დროს მხარი დაუჭირეს ლევან მურუსიძის (სამწლიანი ვადით) და მიხეილ ჩინჩალაძის (უვადოდ) მოსამართლეებად განწესებას თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის მსურველმა კანდიდატმა პაატა სილაგაძემ, საბჭოში გასაუბრებისას ნაზი ჯანეზიშვილის კითხვას: "გენდერი რას ნიშნავს" შემდეგნაირად უპასუხა:

"გენდერი ნიშნავს, თეორიულად როგორ ვთქვა, კაცისა და ქალის გენდერული თანასწორობა, ხომ? სპეციალური ტერმინები არ მახსენდება".

ნუგზარ სხირტლაძე

ნუგზარ სხირტლაძეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს. იგი 1998-1999 წლებში ჯერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ კი თბილისის საოლქო სასამართლოს მოსამართლე იყო.

ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო

მოსამართლე ნუგზარ სხირტლაძის შემადგენლობით უზენაესი სასამართლოს პალატამ ტრანსგენდერი პირის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად ცნო. ტრანსგენდერი პირი სასამართლოში ითხოვდა იუსტიციის სამინისტროს სამართლებრივი აქტების ბათილობას, რომლითაც უარს ეუბნებოდნენ ჩანაწერში სქესის ცვლილებაზე, სქესის შეცვლის ოპერაციის არგაკეთების გამო. მისი სარჩელი, ასევე, არ დააკმაყოფილეს ქვედა ინსტანციის სასამართლოებმაც.

მოსამართლე "ერთი და იმავე სქესის მქონე პირთა ქორწინებას" გადაწყვეტილებაში მოიხსენიებს "ერთსქესიანთა ქორწინებად" და განმარტავს:

"კასატორი [ტრანსგენდერი პირი] მიუთითებს, რომ ჩატარებული ჰორმონალური მკურნალობისა და გარეგნული ცვლილებების ფონზე, თავს კომფორტულად გრძნობს და არ საჭიროებს ქირურგიული ოპერაციის ჩატარებას. ხსენებული პოზიცია იმსახურებს სახელმწიფოს მხრიდან პატივისცემასა და დაცვას, თუმცა საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ადამიანის შეგრძნებები და სუბიექტური შეხედულებები ვერ შეცვლის ფაქტობრივ მოცემულობას — პირის სქესს".

ლალი ფაფიაშვილი

1998 წლიდან დღემდე კანდიდატი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის ლექტორია. 2007-2017 წლებში ლალი ფაფიაშვილი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე იყო, 2016-2017 წლებში კი ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე. 1996-2004 წლებში ლალი ფაფიაშვილი მუშაობდა საქართველოს პარლამენტში სხვადასხვა პოზიციაზე: იყო პარლამენტის თავმჯდომარის პირველი თანაშემწე, ასევე 2004-2007 წლებში — პარლამენტის წევრი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატების პარტიული სიით.

ფოტო: ნეტგაზეთი

ლალი ფაფიაშვილმა განიხილა საქმე "იური ვაზაგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ". მოსარჩელე იური ვაზაგაშვილი მიიჩნევდა, რომ მას არ შეეძლო სასამართლოში ედავა, მისი გარდაცვლილი შვილის პატივისა და ღირსების შემლახავი ცნობების გავრცელებაზე, რაც, მისი აზრით, ეწინააღმდეგებოდა სამართლიანი სასამართლოს უფლებას. საკონსტიტუციო სასამართლო არ დაეთანხმა მოსარჩელეს და სადავო ნორმები კონსტიტუციურად მიიჩნია.

2014 წელს ლალი ფაფიაშვილი მონაწილეობდა გადაწყვეტილების მიღებაში, რითაც ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა და ქმედუუნარობის ინსტიტუტი შეიცვალა, ასევე, გაუმჯობესდა ადამიანთა კონკრეტული ჯგუფის უფლებრივი მდგომარეობა.

კანდიდატი მოსამართლე იყო ერთ-ერთი იმ კოლეგიაში, რომელმაც განიხილა საქმე: ჰომოსექსუალიზმი, როგორც სისხლის დონაციის აკრძალვის საფუძველის შესახებ. სასამართლომ რეგულაცია არაკონსტიტუციურად მიიჩნია.

ნინო ქადაგიძე

1994-2000 წლებში ნინო ქადაგიძე მუშაობდა საქართველოს იუსტიციის სამინისტროში სხვადასხვა პოზიციაზე. 2000 წელს იგი დაინიშნა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლედ. 2002-2012 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლე. 2013 წლის 17 ივნისიდან ნინო ქადაგიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლეა.

ნინო ქადაგიძე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატთა 10-კაციან სიაში.

ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო

ნინო ქადაგიძემ განიხილა სააპელაციოში რამდენად კანონიერად გაანადგურა იუსტიციის სამინისტრომ საარჩევნო საკითხებზე შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის სხდომის ოქმების აუდიო ჩანაწერები.

ამ შინაარსის სარჩელით სასამართლოს ნაციონალურმა მოძრაობამ მიმართა, რადგან საქალაქო სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა. სამინისტრო უთითებდა, რომ აღნიშნულ აუდიო ჩაწერას ჰქონდა ერთჯერადი ხასიათი და გამოიყენებოდა მხოლოდ წერილობითი ოქმის შესადგენად. ნინო ქადაგიძემ პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

თამარ ზამბახიძე

თამარ ზამბახიძე 2017 წლიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეა. 2005-2007 წლებში მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანამდებობა ეკავა.

ფოტო: იუსტიციის უმაღლესი საბჭო

კანდიდატი თამარ ზამბახიძის სამოსამართლეო კარიერაში ერთ-ერთი გახმაურებულია ე.წ. ღვინის ქარხნის საქმე. კერძოდ, 2014 წლის 23 დეკემბერს თბილისში, პეტრიაშვილის #1-ში მდებარე ღვინის ქარხნის ისტორიული შენობაზე დავა წამოიწყო სააქციო საზოგადოება სავანე ღვინის #1 ქარხნის წარმომადგენელმა, ყოფილმა გენერალურმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა. მოსარჩელე სასამართლოსგან ითხოვდა პეტრიაშვილის ქუჩაზე მდებარე უძრავი ქონების გადაცემას იმ საფუძვლით, რომ 2004-2006 წლებში დაკარგა ამ ქონებაზე საკუთრების უფლება. 2016 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი, ანუ სრულად დატოვა ძალაში თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

ქეთევან ცინცაძე

2017 წლიდან ქეთევან ცინცაძე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორია. 2011-2017 წლებში იგი იყო ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე. 2009-2011 წლებში კი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის რეფერენტად მუშაობდა. 2011-2017 წლებში იყო უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლის, მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძის თანაშემწე.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესის გაუმჭვირვალობაზე მიუთითებდა: "ინფორმაციის სრულად დახურვა აჩენს ეჭვებს კონკურსის შედეგით საბჭოს არაჯანსაღ დაინტერესებაზე".

დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის "გაუმჭვირვალე და დახურული პროცესის საეჭვოობაზე" მიუთითებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც ნათქვამია, რომ ქეთევან ცინცაძის ბიოგრაფიამ და მისი არჩევის "გაუმჭვირვალე პროცესმა" ეჭვი გააჩინა ინსპექტორის რეალურ დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით.

გოჩა ჯეირანაშვილი

გოჩა ჯეირანაშვილი სააპელაციო სასამართლოს უვადო მოსამართლეა. 2002-2007 წლებში კანდიდატი მუშაობდა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო სამმართველოში უფროსი ინსპექტორის, გამომძიებლის და უფროსი გამომძიებლის პოზიციაზე.

კანდიდატ გოჩა ჯეირანაშვილის მიერ განხილული საქმეებიდან ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებულია გაუპატიურებაში ბრალდებული მაღალჩინოსნების საქმე.

2013 წლის ივლისში მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილმა გამამართლებელი გადაწყვეტილება გამოიტანა ბორჯომის პოლიციის ყოფილი უფროსის და ბორჯომში პოლიტიკური პარტია ნაციონალური მოძრაობის დეპუტატობის კანდიდატის მამუკა ხვედელიანისა და მისი თანამშრომლების საქმეზე. მათ ბრალად კაცის წამება და გაუპატიურება ედებოდათ. სასამართლო მაშინ მტკიცებულებების არარსებობაზე მიუთითებდა. დაზარალებულების განცხადებით, გოჩა ჯეირანაშვილი სამცხე-ჯავახეთში ვანო მერაბიშვილის ერთგული კადრი იყო.

მოსამართლის მიღებულ გადაწყვეტილებას საზოგადოების საპროტესტო აქციები მოჰყვა. აქციის მონაწილეები გათავისუფლებული პირების კვლავ დაპატიმრებას მოითხოვდნენ და სასამართლოს არაობიექტურობაში ადანაშაულებდნენ, სასამართლოს შენობას კვერცხებსა და ცოცხებს ესროდნენ.

მოგვიანებით საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება:

"განაჩენის გამოტანამდე რამდენიმე დღით ადრე მოსამართლე გოჩა ჯეირანაშვილი, მისი ინიციატივით, არაოფიციალურ ვითარებაში შეხვდა სამცხე-ჯავახეთის პროკურორს, გივი პაპუაშვილს და ურჩია, რომ ბრალდებულებთან გაეფორმებინა საპროცესო შეთანხმება მათი გათავისუფლების მოთხოვნით. მოსამართლის სიტყვებით: "ეს ყველასთვის კარგი გამოსავალი იქნებოდა". პროკურორმა მის ამ შეთავაზებას უარით უპასუხა".

განცხადების საპასუხოდ, საქართველოს უზენასემა სასამართლომ გაავრცელა განცხადება, სადაც უთითებდა, რომ მთავარი პროკურატურა სიცრუის ტირაჟირებას ახდენდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. აშშ-საქართველოს პარტნიორობის მომავალი — უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი ვაჭრობა
  2. რას მალავს მოსამართლე, რომელმაც ლაზარეს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
  3. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  4. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  5. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ამაღლობელი: ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, არ ავყვეთ

ხელისუფლება ახლა ეცდება პროვოკაციებს, იმიტომ რომ ხედავს ჩვენს რაოდენობას. ამიტომ თხოვნაა, შევინარჩუნოთ ეს ერთობა და არ…