ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის თანახმად, 20 ივნისის მოვლენების შესახებ მოსახლეობის 92 პროცენტს სმენია. 92 პროცენტიდან 46 პროცენტი (ჯამში მოსახლეობის 42 პროცენტი) ამბობს, რომ აქციის ერთ-ერთ მოთხოვნას, შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გიორგი გახარიას გადადგომას ემხრობოდა.

92 პროცენტიდან 39 პროცენტი (მოსახლეობის 35,9 პროცენტი) ამბობს, რომ ამ მოთხოვნას არ იზიარებდა.

ფოტო: NDI

კვლევა 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოს მასშტაბით 2 131 ადამიანი პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე. გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7%.

#სირცხვილია და 20 ივნისის აქცია

პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტმა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსულ ენაზე განცხადების გაკეთებამ გამოიწვია. შედეგად, გავრილოვმა საქართველო დატოვა, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. რუსეთმა საქართველოს "დასჯა განიზრახა" და სანქციების ბერკეტი აამოქმედა: რუსულ ავიახაზებს საქართველოში ფრენა აუკრძალა, რამდენიმე ღვინის ექსპორტიორი კომპანია დაბლოკა და აქციები "რუსოფობიად" მოიხსენია. ამის პარალელურად, დიპლომატიურმა კორპუსმა და მოქალაქეებმა ტურისტების მოზიდვის მიზნით დაიწყეს კამპანია #spendyoursummeringeorgia.

პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას წინ უსწრებდა 20 ივნისის ღამე, როცა შსს-ს სპეციალურმა რაზმმა აქცია ძალის გამოყენებით რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა. მათი პოზიციით, იგეგმებოდა საქართველოს პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე შტურმი და დამხობა. დაშლის დროს დაშავდა ასობით ადამიანი, მათგან ორმა თვალი დაკარგა. აქციის მონაწილეები აქციებს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მართავდნენ, თუმცა, ქართულმა ოცნებამ ის 3 სექტემბერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. ამ დღიდან კი აქციაზე გახარიას პრემიერად წარდგენას აპროტესტებენ.