BBC-ის ცნობით, აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა დაასახელა ახალი მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში. გასულ კვირას გათავისუფლებულ ჯონ ბოლტონს რობერტ ობრაიენი შეცვლის.

ობრაიენი, რომელიც ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტში მძევლების საქმეებზე მუშაობს, ტრამპის უკვე მეოთხე მრჩეველი იქნება უსაფრთხოების საკითხებში. მანამდე ის ჯორჯ ბუშისა და ბარაკ ობამას ადმინისტრაციაში მუშაობდა.

ობრაიენი მაიორის წოდებით მსახურობდა ამერიკის შეერთებული შტატების არმიაში. 2005 წელს ყოფილმა პრეზიდენტმა, ჯორჯ ბუშმა ის გაეროს გენერალურ ასამბლეაში წარმომადგენლად დანიშნა.

დონალდ ტრამპმა ახალი მრჩევლის დანიშვნის შესახებ ტვიტერის გვერდზე დაწერა:

"მოხარული ვარ, რომ რობერტ ობრაიენს ახალ ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად ვასახელებ. იგი ამჟამად სახელმწიფო დეპარტამენტში მძევლების საქმეების ძალიან წარმატებული სპეციალური ატაშეა. რობერტთან დიდხანს ვმუშაობდი. ის დიდებულ საქმეს გააკეთებს".