ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრში მიიჩნევენ, რომ შეწყალების კომისიის უმოკლეს ვადაში ფორმირება უმნიშვნელოვანესია. ამის შესახებ EMC-ის განცხადებაშია აღნიშნული, რომელიც პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებაზე მორატორიუმის გამოცხადებას ეხება.

ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ისინი სრულად იზიარებენ საზოგადოების კრიტიკას, "პრეზიდენტის მიერ ერთპიროვნულად, შეწყალების კომისიის დათხოვნისა და განსაზღვრული პროცედურის არარსებობის პირობებში კონკრეტულ პირთა შეწყალებასთან დაკავშირებით".

მათი თქმით, მნიშვნელოვანია შეწყალების კომისიის უმოკლეს ვადაში ფორმირება, მაღალი საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პირებით და შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებისას პროცესის გამჭვირვალედ წარმართვა.

ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ შეწყალებაზე გაურკვეველი ვადით მორატორიუმის გამოცხადებით ზიანი ადგება პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ იმ მსჯავრდებულებს, რომელთათვის, ხშირად, შეწყალების მექანიზმი სამართლიანობის მიღწევის უკანასკნელი შესაძლებლობაა.

მათივე ინფორმაციით, პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად, პრეზიდენტს გასული 9 თვის განმავლობაში, შეწყალების თაობაზე განცხადებით სულ 4 468 პირმა მიმართა, საიდანაც პრეზიდენტმა შეწყალების გადაწყვეტილება 91 მსჯავრდებულის მიმართ მიიღო. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ყველა შემთხვევაში, შეწყალების გადაწყვეტილება შეწყალების კომისიის გვერდის ავლით, პრეზიდენტის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით მოხდა.

პრეზიდენტის მიერ შეწყალების სისტემის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბოლო რამდენიმე კვირაში არაერთი კითხვა დაისვა. 17 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილმა მარიამობისას მკვლელობაში მსჯავრდებული კიდევ ერთი პირი, ზურაბ ნადირაძე შეიწყალა. მის ექსტრადიციას საქართველოს მთავრობა 23 წლის განმავლობაში ითხოვდა.

მანამდე ინფორმაცია გავრცელდა, რომ ზურაბიშვილმა 18 წლის დათო ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძე შეიწყალა. ბეჟანიძე 2016 წლის მარტში დააკავეს და 11 წელი ჰქონდა მისჯილი.

ამასთანავე, პრეზიდენტმა შეიწყალა პირი, რომელიც ბათუმში პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის იყო მსჯავრდებული. პოლიციელის მკვლელობისთვის რამაზ დევაძეს 2015 წლის 18 სექტემბერს 12 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

რამდენიმე კვირის წინ თვითონ სალომე ზურაბიშვილმა მაშინ გადაწყვეტილების განმარტებაზე უარი განაცხადა. მისი თქმით, შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა.

"ეს უცებ გახდა რაღაც სალაპარაკო პრობლემა იმ დროს, როცა აქ ამდენი არის პოზიტივზე სალაპარაკო. ესეც დიდად არ მიკვირს. თუ რამე განცხადება არის უფრო დეტალური გასაკეთებელი, ეს უნდა გაკეთდეს თბილისში", — თქვა მაშინ ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას კრიტიკით შეხვდნენ როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლები. ამასთანავე, მკვლელობისთვის მჯავრდებულთა შეწყალება მიუღებელი აღმოჩნდა მმართველი პარტიის დეპუტატებისთვის. რამდენიმედღიანი კრიტიკის შემდეგ პრეზიდენტი გამოვიდა ინიციატივით, რომ შეწყალების უფლება დაიხვეწოს. დღეს, 18 სექტემბერს მან შეწყალებაზე მორატორიუმი გამოაცხადა.