2019 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს სამ ქალაქში (ლაგოდეხში, ადიგენსა და მარტვილში) საკრებულოს შუალედური არჩევნები იმართება. როგორც ყველა არჩევნების წინ, ახლაც, მმართველი პარტიის შემწირველები ქართულ ოცნებას 10-ეულობით ათას ლარს ურიცხავენ.

ბოლო 5 თვეში ქართულ ოცნებას 100 ათასი ლარი 10-მა კომპანიამ შეწირა.

ფოტო: აუდიტის სამსახური

მათგან კომპანიებმა, გაგრა +, ეიბისი და ტიფლისიდისტილერი, 2018 წელს თანხა შეწირეს ხელისუფლების მხარდაჭერილ კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილსაც.

ფოტო: აუდიტის სამსახური

გაგრა +-მა ხელისუფლებას თანხა შეწირა 2016 და 2017 წელსაც, ჯამში 240 ათასი. ასე მოიქცა კომპანია ციტადელიც და 140 ათასი გადარიცხა, ახალ ტექნოლოგიებს 2017 წელს 100 ათასი ლარი აქვს გადარიცხული.

ფოტო: აუდიტის სამსახური

On.ge-მ სცადა ყველა მათგანთან დაკავშირება და ყველას იდენტური კითხვით მიმართა: "რატომ შეწირეს ფული მმართველ პარტიას და თანხის გადარიცხვის შემდეგ ელიან თუ არა რაიმე სარგებელს".

ყვარლის სარდაფის დირექტორი, ოთარ ტაბატაძე "კითხვაზე პასუხის გაცემისგან თავს იკავებს". შპს ეიბისისა და შპს ტიფლისიდისტილერი TIFLISIDISTILLERY ერთი და იგივე დირექტორი და 60-პროცენტიანი წილის მფლობელი ჰყავს. კომპანიების დირექტორი, სოლომონ გვაჯაია ამბობს, რომ "ვალდებული არ არის უპასუხოს" და "უცხო ადამიანებს საერთოდ არ ელაპარაკება".

ზემოთ ჩამოთვლილი კომპანიებისგან განსხვავებით შპს სერვის-აგროს ერთ-ერთმა მეწილემ სცადა On.ge-ს ჟურნალისტს მოტყუება და უთხრა, რომ ის დავით ინაური არ იყო:

"არ ვარ მე დავითი... არ მინდა ლაპარაკი... შენ სულ მართალს ლაპარაკობ ყოველთვის? მე მატყუარა ვარ, რა გინდა..."

ქართული ღვინის იმპერიის კომერციული დირექტორი ამბობს, რომ ამ საკითხზე კითხვებს ის ვერ უპასუხებს, თუმცა, არც უფლებამოსილ პირთან გადაამისამართა ჟურნალისტი, რადგან "არაეთიკურად" მოეჩვენა.

ახალი ტექნოლოგიების დირექტორი, ზურაბ ჭუმბურიძე ამბობს, რომ "უბრალოდ" შეწირა და "სარგებლის მოლოდინი არ აქვს". დაახლოებით იმავეს იმეორებს კომპანია "ციტადელის" დირექტორი, ბადრი ბუთხუზიც, ქართულ-ამერიკულ სამშენებლო საწარმოს მეწილე კი ამბობს, რომ "არავის იუძულებია".

On.ge დაუკავშირდა გაგრა +-ს, თუმცა ჟურნალისტი ხელმძღვანელ პირთან არ გადაამისამართეს, შპს საქართველოსთან კომუნიკაცია კი ვერ ვერ შედგა.