რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში დღეს, 18 სექტემბერს 19 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, სამედიცინო პერსონალის გამოკითხვა.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლითაა დაწყებული, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

18 სექტემბერს, გამთენიისას რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგო ცხვირის ოპერაციის დაწყებისას, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. რადიო ათინათი წერს, რომ გოგო სამეგრელოდანაა და ის თბილისში ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

რუსთავის საავადმყოფოს დირექტორი, დავით გოგოძე ამბობს, რომ ოპერაციის დაწყებამდე, მედიკამენტის შეყვანისთანავე განვითარდა მწვავე ანაფილაქსიური შოკი, ანუ სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია, შედეგად კი პაციენტს გული გაუჩერდა.

რადიო ათინათი წერს, რომ გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს. მათი თქმით, სავარაუდოდ, გოგოს ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.