მასწავლებელს, რომელმაც პირველკლასელებს წითელი ყელსახვევები გაუკეთა, კლასის დამრიგებლობა დაატოვებინეს. გადაწყვეტილება ქობულეთის მესამე საჯარო სკოლის დისციპლინარულმა კომიტეტმა და დირექტორმა მიიღო.

აჭარის ტელევიზიასთან საუბრისას კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მასწავლებლების გადაწყვეტილება დისციპლინურ გადაცდომაზე ერთსულოვანი იყო. აჭარის რესურსცენტრის დირექტორის, მადონა გოგიტიძის თქმით, ქეთი ვეკუა სკოლაში მუშაობას საგნის მასწავლებლად გააგრძელებს.

ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში, პირველკლასელებს დამრიგებელმა, ქეთავან ვეკუამ ყელსახვევები გაუკეთა. შემთხვევა 16 სექტემბერს მოხდა. მასწავლებლის თქმით, გოგოებისთვის წითელი, ბიჭებისთვის კი ლურჯი ყელსახვევი საჩუქარი იყო. ქეთევან ვეკუამ თქვა, რომ ამ ფორმით სურდა საკუთარი მოსწავლეები სხვებისგან გამოერჩია.