ევროპული საქართველოს PR-ის სამსახურის ყოფილი უფროსი, ხათუნა ბერძენიშვილი რუსთავი 2-ის საინფორმაციო სამსახურის მთავარი პროდიუსერი გახდა. ამის შესახებ ინფორმაცია მან თავად დაუდასტურა On.ge-ს.

ის წლების წინ, წინა ხელისუფლების დროს, კურიერის პროდიუსერადაც მუშაობდა, თუმცა, უცნობია, რა მიზეზით დაბრუნდა ის ახლა არხზე. მან დეტალებზე სასაუბროდ On.ge-ს სხვა დროზე შეთანხმება შესთავაზა.

წლების წინ, ის რუსთავი 2-დან სამუშაოდ საზოგადოებრივ მაუწყებელში გადავიდა. ეს ის პერიოდია, როცა ამ ორივე არხის მიმართ არსებობდა კრიტიკა ხელისუფლების მიმართ ლოიალურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. მაშინ რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსი, ნინო შუბლაძე იყო, ის ხელმძღვანელობს კურიერს დღესაც.

ხათუნა ბერძენიშვილი საზოგადოებრივი მაუწყებლიდან 2013 წელს, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ის მაშინდელმა მერმა და ახლა უკვე ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ კრწანისის რაიონის გამგებლად დანიშნა. თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ ბერძენიშვილი სწორედ ევროპულ საქართველოში წავიდა სამუშაოდ.