თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, ჭავჭავაძის გამზირზე რეაბილიტაციის მესამე, ბოლო ეტაპი ადგილობრივი მოსახლეობის გამოკითხვის შედეგების მიხედვით გაგრძელდება. მესამე ეტაპი თაქთაქიშვილის ქუჩიდან ვაკის პარკამდე არსებული მონაკვეთის რეაბილიტაციას გულისხმობს.

მერმა ვაკის რაიონის გამგებელს, ნოდარ ტურძელაძეს, ადგილობრივებთან აქტიური კომუნიკაციის დაწყება, შესაბამის სამსახურს კი სოციალურ ქსელში გამოკითხვის ჩატარება დაავალა.

მთავრობის სხდომაზე კალაძემ განაცხადა, რომ მერიის პოზიციაა, პროექტის დროულად დასასრულებლად სამუშაოები ზამთარშიც გაგრძელდეს, თუმცა ეს საკითხი თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა გადაწყვიტოს.

"რადგან ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და არსებობს აზრთა სხვადასხვაობა სამუშაოების გაგრძელების თვალსაზრისით, გვინდა, ვკითხოთ ადგილობრივ მოსახლეობას, ეს პროექტი წელს გავაგრძელოთ და მივიყვანოთ ბოლომდე, ანუ ვაკის პარკამდე, თუ შევწყვიტოთ კონკრეტულ მონაკვეთამდე, თაქთაქიშვილის ქუჩამდე, იქ გავაჩეროთ სამუშაოები და გაზაფხულზე განვაახლოთ", — განაცხადა მერმა.