რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში 19 წლის გოგო ცხვირის ოპერაციის დაწყებისას, ნარკოზის გაკეთების შემდეგ გარდაიცვალა. რადიო ათინათი წერს, რომ გოგო სამეგრელოდანაა და ის თბილისში, ერთ-ერთი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

მთავართან ინტერვიუში საავადმყოფოს დირექტორი, დავით გოგოძე ამბობს, რომ მედიკამენტის შეყვანისთანავე განვითარდა მწვავე ანაფილაქსიური შოკი, ანუ სიცოცხლისთვის საშიში ალერგიული რეაქცია:

"ანაფილაქსიური შოკი გამოიწვია იმ მედიკამენტმა, რომელიც იქნა შეყვანილი... სამწუხაროდ, ჩვენს საქმეში ხდება ხოლმე. დიდხანს გაგრძელდა, ძალიან მძიმე შოკი განვითარდა. ბოლოს მივაღწიეთ იმას, რომ რამდენიმე საათის შემდეგ შესაძლებელი გახდა შედეგის მიღება, ეს შედეგი, რა თქმა უნდა, არ იყო სტაბილური. ეს შედეგი იყო მედიკამენტების ხარჯზე. საბოლოოდ, კიდევ გააჩერა გული მეორე ჯერზე და უკვე ვეღარ მოხდა მისი ამუშავება".

რადიო ათინათი წერს, რომ გარდაცვლილის ოჯახი მომხდარში ექიმებს ადანაშაულებს. მათი თქმით, სავარაუდოდ, გოგოს ნარკოზის ზედმეტი დოზა გაუკეთეს.