ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, დავით ჭიჭინაძე ამბობს, რომ პარტიის შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილმა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, გიორგი კვირიკაშვილს უთხრა, რომ ანაკლიის პორტი არაკომერციული პროექტია. პარტიის შეკრების საუბარზე ჭიჭინაძემ გადაცემა ღამის მთავარში ისაუბრა.

"[ივანიშვილმა კვირიკაშვილს უთხრა] შენ თუ დამისაბუთებო, რომ მაშინ მე მოგცემთ ამ ფულს და სახელმწიფოს ფული არ დახარჯოთო. მაგრამ თქვენ არ დაიჯერეთო და მაინც დახარჯეთ ეს სახელმწიფოს ფულიო და [გიორგი] გახარიამ როდესაც არ მოგცათ ფული, ადექით და გადაიტანეთ [ზურაბ] ალავიძესთან ინფრასტრუქუტურის სამინისტროშიო... შემდეგ ივანიშვილმა უთხრა იმედია დასავლელ მეგობრებს არ ჩარევო. კვირიკაშვილმა უპასუხა შემიძლია, მაგრამ არ ვიკადრებო", — აღნიშნა დავით ჭიჭინაძემ.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტზე მუშაობა ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და სახელმწიფომ 2016 წელს დაიწყეს. პროექტის მიხედვით, სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ის 3 000 ჰექტარზე მეტ ფართობზე იქნება გაშლილი, რომელსაც 32 ნავმისადგომი ექნება. ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 100 მლნ ტონა იქნება. პორტი ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე ათეული კილომეტრითაა დაშორებული.

თიბისის საქმე და ანაკლიის პორტი

ანაკლიის პორტის სამომავლო განხორციელებასთან დაკავშირებით კითხვები თიბისი ბანკის საქმემ გააჩინა. თიბისი ჰოლდინგ საქართველო ანაკლიის განვითარების კონსორციუმის წევრია. მას შემდეგ, რაც პროკურატურამ ფულის შესაძლო გათეთრებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა, ბადრი ჯაფარიძემ და მამუკა ხაზარაძემ ივარაუდეს, რომ ეს პროცესები ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლისკენ იყო მიმართული. პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს.

ამ საქმესთან დაკავშირებით 13 თებერვალს საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თიბისი ბანკში მათი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გადაყენება მოითხოვა. თიბისი ბანკში ამბობდნენ, რომ აპირებენ სამართლებრივი საშუალებები გამოიყენონ ბანკისა და აქციონერების ინტერესების დასაცავად.

ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემდეგ კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია 7,29 პროცენტით შემცირდა, რეალურ თანხაში ეს მაჩვენებელი 55 მილიონზე მეტი გირვანქა სტერლინგია.

21 თებერვალს მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ თანამდებობები დატოვეს. ეროვნული ბანკში განაცხადეს, რომ ხაზარაძის წასვლას მიესალმებიან. მათი თქმით, ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე.

მოგვიანებით, მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა, გიორგი ქობულიამ თქვა, რომ თიბისის დამფუძნებლების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ირგვლივ შექმნილი ნეგატიური ფონი, კერძო ინვესტორებს "მინიმალური კაპიტალის" შეგროვებას ურთულებს "ანაკლიის პროექტის დასაძრავად".

შემდგომში უკვე მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ ანაკლიის პორტის მმართველ საბჭოში თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილის პოსტები დატოვეს.

2019 წლის აგვისტოში ანაკლიის განვითარების კონსორციუმი ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა, ამერიკულმა კონტი ჯგუფმა დატოვა. კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ახვლედიანი აცხადებდა, რომ კონტი ჯგუფის გასვლა პროექტს მნიშვნელოვნად არ დააზიანებს. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში კონტი ჯგუფს ისედაც ძალიან პასიური როლი ჰქონდა.