ნაციონალური მოძრაობის დეპუტატის, რომან გოცირიძის განცხადებით, NDI-ის 17 სექტემბერს გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ქართული ოცნება დასასრულისკენ მიდის. მისი განცხადებით, ამ კვლევით ჩანს, რომ მოსახლეობამ ხელისუფლებას ვერდიქტი უკვე გამოუტანა.

"NDI-ის კველა აჩვენებს, რომ დაისისკენ მიდიხართ, მზის ჩასვენება ხდება ქართული ოცნების. ზაქარია ფალიაშვილის მუსიკით მიდიხართ დასასრულისკენ და, სწორედ, თქვენ სრულდებით. ეს არის თქვენი 7-წლიანი მუშაობის ვერდიქტი, რაც კვლევის სახით ვნახეთ და, მეორე მხრივ, ეს ასახავს ქვეყანაში კატასტროფულ ვითარებას", — განაცხადა რომან გოცირიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ქვეყნის განვითარების კურსის შეფასება 2010 წლის შემდეგ ყველაზე დაბალ ნიშნულზეა: მოსახლეობის 49 პროცენტი ამბობს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება. მოქალაქეების მხოლოდ 18 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება. მოსახლეობისთვის მთავარი ეროვნული საკითხები კვლავ ეკონომიკას უკავშირდება: სამუშაო ადგილები (48 პროცენტი), ფასების ზრდა და ინფლაცია (34 პროცენტი) და სიღარიბე (33 პროცენტი).

წინა წლების მსგავსად, ახალი მონაცემები ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობით უკმაყოფილებას აჩვენებს. მოსახლეობის 21 პროცენტი ამბობს, რომ უმუშევარია და სამსახურს აქტიურად ეძებს. მოქალაქეების მხოლოდ მესამედი ფიქრობს, რომ მათი მშობლების თაობასთან შედარებით უკეთ ცხოვრობს, ხოლო 43 პროცენტი ამბობს, რომ ამჟამად იმაზე ნაკლები ფინანსური შესაძლებლობა აქვს, ვიდრე 5 წლის წინ ჰქონდა.

მოსახლეობის ნახევარმა აღნიშნა, რომ ბოლო 6 თვეში ჰქონია შემთხვევა, როდესაც უსახსრობის გამო კომუნალური გადასახადების დაფარვა ვერ მოახერხა. მათივე თქმით, მოულოდნელი საჭიროების შემთხვევაში 300 ლარის უპროცენტოდ სესხებას ვერ მოახერხებდა (54 პროცენტი). ეროვნულ დონეზე მოსახლეობის მხოლოდ 10 პროცენტი ამბობს, რომ დანაზოგი აქვს.

დანაზოგის ქონის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი უმცირესობათა დასახლებებშია (24 პროცენტი). კვლევის თანახმად, მოსახლეობა ეკონომიკურ უთანასწორობაზეც საუბრობს: 70 პროცენტის თქმით, საქართველოს ეკონომიკა საზოგადოების მხოლოდ გარკვეულ ჯგუფს აძლევს სარგებელს. 84 პროცენტის აზრით, ქვეყნის ეკონომიკურ პრობლემებზე საქართველოს ხელისუფლებაა პასუხიმგებელი.

აღნიშნული კვლევა, 2019 წლის 13-29 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2 131 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან სრულწლოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 1,7 პროცენტი.