"ჩვენი ეკლესიები, ისტორიული ეკლესიები, რომლებიც თურქეთის ტერიტორიაზეა, გინახავთ რა მდგომარეობაშია?" — ასე უპასუხა საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აჭარის ტელევიზიის წამყვანის კითხვას, რას ფიქრობს ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე.

გადაცემა მთავარის წამყვანის კითხვას, არის თუ არა თურქეთში ქართული ეკლესიების მდგომარეობა საქართველოში მეჩეთის აშენების უფლების არგაცემის საპირწონე, ხაზარაძე პასუხობს, რომ ამ თემის საწირწონედ არ უთქვამს. ის ამბობს, რომ ამ თემას "კარგად არ იცნობს" და როცა გაერკვევა, დეტალურად მერე ისაუბრებს.

"მე, როგორც ქართველი და მართლმადიდებელი, ამ პრობლემას წამოვწევ წინ და არანაირად არ ვუპირისპირებ ამ ორ თემას. მე ამაში გავერკვევი, როცა ჩამოვალ ბათუმში, აუცილებად მოვიკითხავ ამ თემას", — აცხადებს ხაზარაძე.

ხაზარაძეს ჰგონია, რომ საქართველოში რელიგიური ნიშნით არავის ზღუდავენ. ის ამბობს, რომ მისი სურვილია, "ქართულ ეკლესიებსა და ტაძრებს, რომელიც საქართველოს გარეთ არის, ისევე ეპყრობოდნენ, როგორც საქართველოში ეპყრობიან სხვა რელიგიურ დაწესებულებებს".

"საქართველო მსოფლიოში გამორჩეულია ტოლერანტობით და აქ არასდროს, არცერთ რელიგიას არ ჰქონია ისტორიულად შეზღუდვა. ეს არის ჩვენი მონაპოვარი და ეს არის ის, რაც არ უნდა დავკარგოთ", — აღნიშნა ხაზარაძემ.

მუსლიმმა თემმა რამდენიმე წლის წინ ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა და ბათუმის მერიის იმ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლის მიხედვითაც მათ ახალი მეჩეთის მშენებლობაზე უარი ეთქვათ. სასამართლომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება რამდენიმე დღეში უნდა გამოაცხადოს.