საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე 20 სექტემბერს #სირცხვილიას საპროტესტო აქციას უერთდება. ამის შესახებ მან პარლამენტთან მიმდინარე გადაცემაში თქვა.

"მე აქ არ მოვდივარ ჩემი პოლიტიკური კარიერის გამო, აქ ჩემს შვილებთან ერთად მოვდივარ, რომ თქვენ გვერდით დავდგე და გითხრათ, რომ თუ საქართველოში თავისუფლებისთვის ბრძოლა ერთი წამითაც მოდუნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პრობლემები წინ. ჩვენს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს ენას, ჩვენს ტერიტორიებს, ჩვენს რელიგიას, ყველაფერს. ეს არის ყველაზე მაღალი ნიშნული, ადამიანი იბადება იმისთვის, რომ იყოს თავისუფალი. ვერც ბიზნესმენი იქნები, ვერ პოეტი, ვერც პოლიტიკოსი... თავისუფლება უნდა გაჯდეს და უნდა იყოს ყოველდღიური ჩვენი დაცვის და მიზნის მიღწევის საშუალება, ამიტომ მოვდივარ მე თქვენთან 20-ში", — განაცხადა ხაზარაძემ.

20 სექტემბერს მოძრაობა #სირცხვილია რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავს. აქციის სლოგანია "ერთად ერთის წინააღმდეგ".

#სირცხვილია და 20 ივნისის აქცია

სამოქალაქო პროტესტი რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტმა და პარლამენტის თავმჯდომარის სკამიდან რუსულ ენაზე განცხადების გაკეთებამ გამოიწვია. შედეგად, გავრილოვმა საქართველო დატოვა, პარლამენტის თავმჯდომარე გადადგა. რუსეთმა საქართველოს "დასჯა განიზრახა" და სანქციების ბერკეტი აამოქმედა: რუსულ ავიახაზებს საქართველოში ფრენა აუკრძალა, რამდენიმე ღვინის ექსპორტიორი კომპანია დაბლოკა და აქციები "რუსოფობიად" მოიხსენია. ამის პარალელურად, დიპლომატიურმა კორპუსმა და მოქალაქეებმა ტურისტების მოზიდვის მიზნით დაიწყეს კამპანია #spendyoursummeringeorgia.

პარლამენტის თავმჯდომარის გადადგომას წინ უსწრებდა 20 ივნისის ღამე, როცა შსს-ს სპეციალურმა რაზმმა აქცია ძალის გამოყენებით რეზინის ტყვიებით, ცრემლსადენი გაზითა და წყლის ჭავლით დაშალა. მათი პოზიციით, იგეგმებოდა საქართველოს პარლამენტზე, როგორც ინსტიტუტზე შტურმი და დამხობა. დაშლის დროს დაშავდა ასობით ადამიანი, მათგან ორმა თვალი დაკარგა. აქციის მონაწილეები აქციებს შს მინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით მართავდნენ, თუმცა, ქართულმა ოცნებამ ის 3 სექტემბერს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად წარადგინა. ამ დღიდან კი აქციაზე გახარიას პრემიერად წარდგენას აპროტესტებენ.