კომუნიკაციების ეროვნული კომისია არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაზე იმის შესახებ, რომ რამდენიმე რუსული არხის ტრანსლირება აკრძალული უნდა იყოს, განმარტავს:

"საქართველოს ტერიტორიაზე მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების საშუალებით ვრცელდება. მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირი კომისიის რეგულირების სფეროში შემოდის და ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობა, მათ შორის, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტი".

კომისიის თქმით, რეგლამენტის პირველი მუხლის ჰ2 პუნქტი დაუშვებელ პროდუქციას განმარტავს. ესენია:

  • ელექტრონული კომუნიკაციების მეშვეობით გადაცემული პორნოგრაფია.
  • სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი პროდუქცია.
  • პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელ, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი, უზუსტო, საავტორო უფლებებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით გადაცემული სხვა პროდუქცია.
  • მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად აკრძალული ომის ნებისმიერი სახით პროპაგანდა და ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თქმით, ის ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში ავტორიზებული და ლიცენზიის მფლობელი პირების წინააღმდეგ ადმინისტრაციულ საქმის წარმოებას საკუთარი ინიციატივით, მესამე პირის განცხადების ან მედიაში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე იწყებს. კომისიის განმარტებით, თითოეულ ადმინისტრაციულ წარმოებას საფუძვლად კონკრეტული სამართლებრივი გარემოება ედება:

"იმ შემთხვევაში თუ ზემოთ ხსენებული სამაუწყებლო არხების ტრანზიტის დროს ადგილი აქვს დაუშვებელი პროდუქციის გავრცელებას, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია მზადაა განიხილოს და კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში გაატაროს შესაბამისი ზომები, მათ შორის, შეზღუდოს შესაბამისი სამაუწყებლო არხის რეტრანსლირება".

დღეს, 5 მაისს, არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილსა და ტელე-რადიოკომუნიაციების მარეგულიერებელი კომისიის თავჯდომარეს ვახტანგ აბაშიძეს განცხადებით მიმართეს, რომლითაც საქართველოში რიგი რუსული არხების შეზღუდვა მოითხოვეს.

აღნიშნულმა ორგანიზაციებმა განმარტეს, რომ ბოლო თვეებში განვითარებული მოვლენები, რომელთაგანაც ნაწილი არ გასაჯაროვდა და ნაწილი კი საზოგადოებამ საერთოდ ვერ აღიქვა რუსეთის მიერ წარმოებული ჰიბრიდული ომის თავდასხმად, მიანიშნებს იმაზე, თუ რაოდენ სერიოზულ საფრთხესთან გვაქვს საქმე:

"აშკარააა, რომ მოახლოვებული არჩევნები და ამ არჩევნებში რუსეთიდან მართული პოლიტიკური ძალების გააქტიურება, ჩვენი ქვეყნის წინაშე არსებულ ამოცანას-სახელმწიფომ თავი დაიცვას რუსული აგრესიისაგან ჰიბირდული ომის პირობებში, კიდევ უფრო საჭირბოროტოდ ხდის".

განცხადების ხელის მომწერთა შორის არიან: ბათუ ქუთელია-საქართველოს ატლანტიკური საბჭო, ირაკლი ტაბლიაშვილი-Georgian Review, გიორგი ტუღუში-საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, ელენე ხოშტარია-საქართველოს რეფორმების ასოციაცია და სხვა.