ევროკომისარ იოჰანეს ჰანის განცხადებით, საქართველოში უნდა გაგრძელდეს სასამართლო სისტემის რეფორმირება. მისი თქმით, "არსებული პროცესი, რაც მიმდინარეობს, უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნის კუთხით, არამხოლოდ ბრიუსელიდან, არამედ ევროკავშირის დედაქალაქებიდან არის ყურადღების ცენტრში". ამის შესახებ მან დღეს, 16 სექტემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ გიორგი გახარიასთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

"ყველაფერს ვაკეთებთ რომ აქცენტი გაკეთდეს თანაბარ უფლებებზე", — თქვა იოჰანეს ჰანმა და ხაზი გაუსვა, რომ ევროკავშირი რჩება საქართველოს რეფორმების მტკიცე პარტნიორად და მხარდამჭერად.

ევროკომისარმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა ის რეკომენდაცია, რაც ეუთომ გამოაქვეყნა, იქნება გარანტი, რათა 2020 საპარლამენტო არჩევნები იყოს გამჭვირვალე და უზრუნველყოფილი იქნას პლურალისტური მედიაგარემო:

"საქართველო მოწინავე ქვეყანაა განვითარების კუთხით. გვინდა რომ ეს სტატუსი შენარჩუნდეს"

ევროკომისარმა თქვა, რომ უნდა გაღრმავდეს თანამშრომლობა ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების ფარგლებში, "იმ შესაძლებლობებით რაც ჯერ არ ყოფილა ამოქმედებული":

"ეს კიდევ უფრო გააძლიერებს ჩვენს თანამშრომლობასა და სტრატეგიულ მიმართულებებს".

იოჰანეს ჰანმა თავის გამოსვლაში საზღვის უკანონო გადმოწევაზეც ისაუბრა და თქვა, რომ საოკუპაციო ხაზთან მიუღებელი ფაქტები ხდება:

"კონსტრუქციული ჩართულობა განსაკუთრებით ჟენევის საერთაშორისო ფორმატის დისკუსიებში რუსეთის მოანწილეობით, მნიშვნელოვანია. საქართველო უნდა იყოს ძლიერი და გაერთიანებული მიმდინარე გამოწვევების ფონზე...საბოლოოდ, ჯამში ხალხის ინტერესებშია ყველა შესაძლებლობა არსებობდეს და ქმედითად იქნას გამოყენებული იმისათვის, რათა ჯანდაცვისა და საჯარო მომსახურების სფეროში მათ სარგებელი მიიღონ".

13 სექტემბერს გამოქვეყნდა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიში, რომლის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ იყო შესაბამისად უზრუნველყოფილი.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა სია 20-კანდიდატიანი სია 4 სექტემბერს დაამტკიცა. ამ სიაში 5 ის მოსამართლეა, რომელიც პარლამენტში აქამდე წარდგენილ 10-კაციან სიაში იყო: გიორგი მიქაუტაძე; ნინო ქადაგიძე; პაატა სილაგაძე; მერაბ გაბინაშვილი; თამარ ალანია. სია პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.

საქართველოს დღეს, 16 სექტემბერს ევროპის სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ის საქართველოს განათლების მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილსა და თბილისის მერს კახა კალაძეს შეხვდა.