ქობულეთში ბავშვები, რომლებიც ასაკის გამო ბაღებსა და სკოლებში არ მიიღეს, მშობლებმა მერიაში მიიყვანეს. სასწავლო დაწესებულებებში ის ბავშვები ვერ მოხვდნენ, რომლებსაც 6 წელი 17 სექტემბრიდან დეკემბერის ბოლომდე უსრულდებათ. მშობლების ინფორმაციით, ეს ბავშვები მოსამზადებელ ჯგუფებშიც არ დაუშვეს. ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

ტელეკომპანიის ცნობით, მშობლებს ქობულეთის მერის მოადგილე და ბაღების გაერთიანების უფროსი შეხვდნენ.

"გარდამავალი ასაკის ბავშვებისთვის სკოლებთან მოლაპარაკება გვაქვს. სკოლებს ჰქონდათ გამოყოფილი ფართები და შექმნილი იყო მოსამზადებელი ჯგუფები. წელს სკოლებმა ფართის გამოყოფაზე უარი თქვეს, რის გამოც ეს პრობლემა შეიქმნა", — ამბობს ქობულეთის ბაღების გაერთიანების დირექტორი, ია ხალვაში. მისივე თქმით, სკოლების ნაწილთან მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს.

ბაღებსა და სკოლებში სასწავლო პროცესი დღეს, 16 სექტემბერს განახლდა.