გასულ წელს უცნაური სიზმარი ვნახე. მამაჩემთან ერთად მიწისქვეშა გადასასვლელის მსგავს სამრეწველო არხში მივაბიჯებდი, მაშინ, როცა წყალში ინკუბატორში გაზრდილ, ათასობით თევზს უშვებდნენ. როცა სრიალა თევზები ჩვენი ფეხების გარშემო მოგროვდნენ, ვიცოდი (იმ ცოდნას ვგულისხმობ, სიზმარში ყოფნისას რომ განიცდის ხოლმე ადამიანი), რომ წყალში ჩაცვენისას თევზებს ეგონათ, დაიხრჩობოდნენ. ეგონათ, რომ, სანამ ზრდასრულობაში შეაბიჯებდნენ, ჯერ სიკვდილი უნდა გამოეცადათ. მომდევნო დღეს სიზმრის შესახებ მამას ვუამბე, მან კი გამიმხილა, რომ, პიტსბურგში ცხოვრებისას, როცა სამი წლის ვიყავი, მაჩვენა, როგორ ჩაუშვეს სავსე სატვირთოდან ხელოვნურ ტბაში უამრავი ლოქო. მაშინ ძალიან პატარა ვიყავი საიმისოდ, რომ რამე დამმახსოვრებოდა, მაგრამ ჩემი გონების რომელიღაც კუნჭულში თევზების წყალში გადატყორცნის სურათი ჩამარხულიყო, რომელიც, დაახლოებით 25 წლის შემდეგ ამოტივტივდა.

დღესდღეობით ძალიან ხშირია წარსულის რეზერვუარიდან სურათების დაუპატიჟებლად წამოჭრა. ჩვენ საათები გაგვყავს იმ ფოტოფირის დათვალიერებაში, რომელთაგან ბევრი ჩვენი წარსულის უპრეცენდენტო დოკუმენტია. Facebook 2004 წელს შეიქმნა. უკვე 2015 წლისთვის წიგნში დავიწყების დასასრული: გაზრდა სოციალურ მედიასთან ერთად კეიტ აიხჰორნმა აღნიშნა, რომ Snapchat-ზე ხალხი ყოველ საათში 30 მილიონ სურათს აზიარებდა, ხოლო ბრიტანელი მშობლები "ყოველწლიურად, თავიანთი შვილების, საშუალოდ, ორას სურათს ონლაინ განათავსებდნენ." მათთვის, ვინც სოციალურ მედიასთან ერთად გაიზარდა, ანუ თითქმის ყველასათვის, ვინც 25 წლამდე ასაკისაა, საოცრად ხელმისაწვდომია ბავშვობა, რომელიც ჩვენთვის კვლავ ტკბილი იდუმალებითაა მოცული.

New School-ის მედიის ისტორიკოსის, აიხჰორნის თანახმად, ეს იდენტობის განვითარებაზე აუცილებლად იქონიებს რაიმე სახის ძლიერ გავლენას. ჩვენთვის კვლავ უცნობია, თუ რა იგულისხმება აღნიშნულ გავლენაში.

აიხჰორნი მედლის ორივე მხარეს ხედავს. ერთის მხრივ, იგი აღნიშნავს, რომ ბავშვებმა და თინეიჯერებმა კონტროლის ისეთი დონე მოიპოვეს, როგორიც მანამდე არ გააჩნდათ. უწინ ზრდასრულები უარს ამბობდნენ ბავშვების არჩევანის აღიარებაზე და მათ უმანკოებისა და სისპეტაკის იდეალიზებულ ცნებებს ახვევდნენ თავს. ზრდასრულები წერდნენ წიგნებს და ძვირადღირებული კამერებით ფოტოებს იღებდნენ. ეს ყველაფერი ბავშვობის უკვდავყოფას ემსახურებოდა — გახსენებას და არა მასში მონაწილეობას. 60-იან წლებში კი სწრაფად და იაფად დამზადებადი სურათების გამოჩენამ ბავშვებს წარმოების საშუალება მიანიჭა, ხოლო ინტერნეტმა — თვითგამორკვევის უპრეცედენტო დონე. "თუ ერთ დროს ბავშვობას ზრდასრულები აშენებდნენ და ჩაიწერდნენ, შემდგომ კი ბავშვებს უჩვენებდნენ (ფრთხილად გადარჩეული ოჯახური ფოტოალბომის ან სახლში გადაღებული ვიდეო-კლიპების სერიის სახით), ახლა მდგომარეობა სრულიად შეიცვალა", - წერს აიხჰორნი, - "დღესდღეობით ბავშვები ფოტოებს ზრდასრულთა ჩარევის გარეშე ქმნიან და ავრცელებენ".

ეს ჩვეულება, შესაძლოა, მეტად სასარგებლო აღმოჩნდეს. ახალი ტექნოლოგია - განსაკუთრებით კი სმარტფონი, საშუალებას გვაძლევს, ჩვენი ცხოვრების ნარატივი შევქმნათ, გადავწყვიტოთ, თუ რას დავიმახსოვრებთ, რას მივაკუთვნებთ ჩვენს პირად მითოსს. აიხჰორნის აზრით, ეს ძველი და, ასე ვთქვათ, იდუმალებით მოცული ჩვეულების ბოლო ინსტანციაა. "დიდი ხნით ადრე, ვიდრე ბავშვები თავიანთი ცხოვრების სურათების შექმნას, რედაქტირებასა და გადარჩევას შეძლებდნენ", - აღნიშნავს იგი, - "ისინი ფსიქიკურ დონეზე ამას უკვე აკეთებდნენ". ფროიდი ამ სურათებს "ეკრანულ მოგონებებს"(არაზუსტი, შეცვლილი მოგონებები, რომელთაც ადამიანი რეალური, ტრავმატული მოგონებებისაგან თავის დასაცავად ქმნის) უწოდებდა და მიიჩნევდა, რომ მათ ბუნდოვანი, მტკივნეული გამოცდილებების შესარბილებლად ვიყენებთ. ადამიანები ყოველთვის ცდილობდნენ მეხსიერების სიძნელესთან გამკლავებას და სურდათ იგი "გაუსაძლისი საშინელებიდან სიმშვიდისმომგვრელად მსუბუქ, ახლობელ განცდად გარდაექმნათ". სოციალური მედია კი ამაში უფრო გაწაფულს გვხდის.

მეორე მხრივ, აიხჰორნი აღნიშნავს, რომ წარსულისაგან მოწყვეტის მსურველებს მედია ამის სრულყოფილად გაკეთებაში ხელს უშლის. ჩვენ არ ვართ ერთადერთნი, ვინც პოსტავს. ჩვენი ცხოვრების მატიანეებს მეგობრები და ოჯახებიც ქმნიან, ხშირ შემთხვევაში კი - ჩვენი თანხმობის გარეშე. აიხჰორნი შიშობს, რომ ონლაინ გაზრდამ, შესაძლოა შეგვიზღუდოს საშუალება, გადავხედოთ ჩვენს მოგონებებს და მათგან მხოლოდ ისინი გადავარჩიოთ, რომელთაც საჭიროდ მივიჩნევთ, შემდეგ კი ცხოვრება განვაგრძოთ. "პოტენციური საფრთხე უკვე არა ბავშვობის გაქრობაში, არამედ ბავშვობის მარადიულად გაგრძელების შესაძლებლობაშია", - წერს იგი. მოკლედ შეიძლება ითქვას, რომ ეკრანული მოგონებები ეკრანებში გავცვალეთ.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მათთვისაა, ვინც ახალი იდენტობის ჩამოყალიბებისაკენ ილტვის. მაგალითად, ადამიანებს, რომლებიც სქესს იცვლიან, ხშირად თავიანთი წარსული გარეგნობისაგან სრულიად გამიჯვნის იმედი აქვთ. აიხჰორნი ხაზს უსვამს, რომ ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული პირობა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა იგი მხოლოდ 'ტექსტებისა და კლიპ-არტისაგან" შედგებოდა, ის იყო, რომ "იგი თავს ტრანსგენდერი ახალგაზრდებისათვის უსაფრთხო ადგილად წარმოადგენდა, საიმისოდ, რომ მათ თავიანთი იდენტობის ის ასპექტები მოესინჯათ, რომელსაც მატერიალურ ცხოვრებაში ვერ გამოცდიდნენ." ახლა, როცა ინტერნეტი უფრო პერმანენტული და ყოვლისმომცველი გახდა, წარსული იდენტობების ნაშთებისათვის თავის არიდება ძალიან რთულია. აიხჰორნი თავისი ერთ-ერთი სტუდენტის, კევინის ციტირებას ახდენს. კევინი ნიუ-იორკის ჩრდილოეთ ნაწილის პარატა ქალაქში მცხოვრები მომავალი კინოკრიტიკოსია. იგი აღნიშნავს, რომ კოლეჯის მეორე კურსისათვის, მისი Facebook-ის მთავარი გვერდი "ძალიან აირია, ჩემი ახალი, ნიუიორკელი მეგობრები ქვიარ სასცენო ხელოვნებაზე პოსტავდნენ, ხოლო თანასკოლელი ბიჭები სკოლისდროინდელ ფოტოებზე მნიშნავდნენ. ახალი ნაბიჯის გადადგმა მჭირდებოდა". სოციალური მედიის ძველი ანგარიშების დეაქტივაციისა და ფსევდონიმის გამოყენებით ახალი პროფილის შექმნის მიუხედავად, მისი ძველ სურათებში მონიშვნა კვლავ გრძელდებოდა. "ვფიქრობ ძველი კევინი ამ სურათებში სამუდამოდ დარჩება", - აღნიშნავს იგი, - "მომიწევს მასთან და ყველა იმ ადამიანთან ერთად ვიცხოვრო, რომელთაც ის გაურბოდა".

ამა თუ იმ სურათის ურყეობა ზოგი ადამიანისათვის გაცილებით დიდი პრობლემაა, ვიდრე დანარჩენებისთვის. არის მომენტები, რომლებიც ტრავმატული ხდება არა იმიტომ, რომ ჩაწერეს, არამედ იმიტომ, რომ მათი წაშლა შეუძლებელია. ასეთი შემთხვევები - როცა შიშველი ფოტო ან დამამცირებელი პოსტი Twitter-ზე ადამიანის ცხოვრებას ანგრევს, მეტად სამწუხაროა და ფართოდ განიხილება (მაგალითად, ჯონ რონსონის წიგნში "ესეიგი საჯაროდ დაგამცირეს"). აიხჰორნი კანადელი თინეიჯერის, გიზლაინ რაზას საქმის დეტალებს განიხილავს. 2002 წელს თინეიჯერმა საკუთარი თავი გადაიღო, როცა გოლფის ბურთების შესაგროვებელ ხელსაწყოს ისე იქნევდა, თითქოს სინათლის ხმალი ყოფილიყოს. ვიდეო მისმა თანაკლასელმა ნახა და "ვარსკვლავური ომების ბავშვის" სათაურით ინტერნეტში განათავსა, რის შემდეგაც ის მილიონობით ადამიანმა ნახა. აიხჰორნი აღნიშნავს, რომ ეს ჯერ კიდევ მაშინ მოხდა, როცა ვირუსულობა, (ინტერნეტში სწრაფი გავრცელება), როგორც ფენომენი, ჩამოყალიბებული არ იყო. რაზა სკოლაში ბულინგის მსხვერპლი გახდა, რის შედეგადაც ფსიქიატრიულ დაწესებულებაში აღმოჩნდა. ლეგალური ზომების მიღების მიუხედავად, იგი ვიდეოს ვერსად გაექცა. 2013 წელს მან საჯაროდ ისაუბრა საკუთარი გამოცდილებისა და თვითმკვლელობასთან დაკავშირებული ფიქრების შესახებ.

აიხჰორნი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდობაში ჩადენილი ექსპერიმენტული ქმედებებისაგან სარგებელს ყველა იღებს. ამ პერიოდში, ჩვენ, როგორც მას ფსიქოანალისტმა ერიკ ერიკსონმა უწოდა, ფსიქოსოციალურ "მორატორიუმში" ვარსებობთ. - ესაა სტადია, როცა "ბავშვის მიერ ნასწავლ მორალსა და ზრდასრულის მიერ განსავითარებელ ეთიკას შორის" ვლივლივებთ. მორატორიუმი გამოცდისა და შეცდომების პერიოდია, როდესაც საზოგადოება ახალგაზრდებს უფლებას აძლევს, მოსალოდნელი შედეგების შიშის გარეშე გარისკონ. იმ იმედით, რომ ასე მოქცევა ახალგაზრდების "ფუნდამენტურ პიროვნებას" ნათელჰყოფს - მათ წარმოდგენას ცხოვრების არსზე. ინტერნეტი თანამედროვე ეპოქის კონფიდენციალურობას არღვევს. მას ახასიათებს ტენდენცია, ჩვენი შეცდომები მონუმენტურ პროპორციებამდე გაადიდოს და ისინი ჩვენს სამუდამო რეზიუმეში ჩაწეროს. დღეს კოლეჯები და დამქირავებლები სოციალური მედიის ანგარიშებს პიროვნების შესახებ ფაქტების შესაგროვებლად ათვალიერებენ. იმაზე ფიქრში, თუ რა გავლენას ახდენს ეს დღევანდელ თინეიჯერებზე, აიხჰორნი ნაკლებ დროს ხარჯავს. რას ნიშნავს მუქარის ქვეშ ცხოვრება? როგორია შედეგები მაშინ, როცა მთელ თაობას არასოდეს ეძლევა თავისუფალი ესქპერიმენტაციისა და საკუთარი თავის გარდაქმნის საშუალება?

აიხჰორნი მსუბუქად მიგვანიშნებს კონკრეტულ უნივერსალურ ადამიანურ უფლებაზე, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის იმ კომპანიათა ახირებებთან, რომლებიც მონაცემებს იყენებენ. "დავიწყება - ეს თანდაყოლილი, ჩაშენებული რესურსი რომელიც ყველა ადამიანს გააჩნდა, დღეს ტექნოლოგიურ კომპანიათა ინტერესებს უპირისპირდება", - წერს იგი და მომაჯადოებელი იდეალიზმით მიგვანიშნებს, რომ დავიწყების უფლება კვლავ გაგვაჩნია. (აღნიშნული წარმოდგენა, ზოგმა ჩვენგანმა, შესაძლოა, დანარჩენი მსოფლიოსადმი მკვეთრად ამერიკული მიდგომის ანარეკლად მიიჩნიოს). მეტი დამაჯერებლობისათვის, იგი "მივიწყებულობის უფლებას" იშველიებს, რომელიც, როგორც ევროპის მონაცემთა კონფიდენციალურობის რეგულაციის, ასევე მედიაში არასრულწლოვანთა მოხსენიების წინააღმდეგ მიმართული მოძრაობის ზედმეტსახელია. ორივე შემთხვევა იმაზე მიგვანიშნებს, რომ საკუთარი წარსული ვერსიისაგან გამიჯვნა და მოგვიანებით, როგორც ინდივიდის, ახალ სხეულსა თუ პიროვნებაში გადასვლა - დემოკრატიული იდეალია. ჩვენ, ასევე, გვაქვს უფლება, დავრჩეთ ისეთებად, როგორებიც ვართ. ზოგ შემთხვევაში, ჩვენი მეობის განცდის აზრთა სხვადასხვაობათა მიუხედავად შენარჩუნება გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე მეამბოხე ფაზის ქონა. ავიღოთ, მაგალითად, მიგრანტების შემთხვევა, რომელსაც აიხჰორნი გაკვრით ეხება: "სამშობლოში დარჩენილ ოჯახის წევრებს ახლა შეუძლიათ, თავიანთ ვაჟებთან და ქალიშვილებთან მუდმივი კონტაქტი შეინარჩუნონ და ევროპაში მათი თითოეული ნაბიჯის შესახებ იცოდნენ." მეხსიერება აქ თითქმის პოლიტიკური წარმომადგენლობის ფორმაა, რომელსაც მედია ააქტიურებს. ჯგუფებს შეუძლიათ კონტინენტიდან-კონტინენტზე მოგზაურობისას თავიანთი ისტორია შეინახონ.

არის თუ არა ყველა ფოტო დოკუმენტური? წიგნში "სოციალური ფოტო" ნათან იურგენსონი წამოჭრის წინადადებას, რომ ონლაინ ფოტოების უმეტესობის არსი არა მოგონებათა შექმნა, არამედ გამოცდილებების გაზიარებაა. ერთ-ერთ ნაწყვეტში, ჟურნალ Real Life-ის დამაარსებელი იურგენსონი წერს, რომ სელფები "ჩემი ნაკლებად ზუსტი სურათებია კონკრეტულ დროს, კონკრეტულ ადგილას და ასე შემდეგ... ისინი ჩემი, როგორც იდეის ვიზუალური გამოსახულებაა". სელფები კომუნიკაციის ერთეულები არიან, უფრო მეტად ემოჯი ან იეროგლიფები, ვიდრე-პორტრეტები. მათ მცირე კონტექსტი გააჩნიათ, არ აქვთ შესამჩნევი ლოკაცია და ხშირ შემთხვევაში, ჯგუფებად გვხვდებიან. დიდწილად, მნიშვნელობა არ აქვს იარსებებენ თუ არა ისინი ოცი წლის შემდეგ. ეს გაქრობადი ფოტოების, მაგალითად Instagram-ის ისტორიებისა და Snapchat-ის ფართოდ გავრცელებას ხსნის. (იურგენსონი Snapchat-ის მშობელ კომპანია, Snap Inc.-შიც მუშაობს სოციოლოგად). ეს ასევე ხსნის საჭმლის ფოტოების მნიშვნელობას, რომლებიც იშვიათად თუა შემომედებითი ან იმდენად კარგი, რომ შენახვად ღირდეს.

იურგენსონის აზრით, სოციალური ფოტოების გადაღება ჩვენს მსოფლხედვას გარდაქმნის - ეს პროცესი კამერების შექმნისას დაიწყო და დღემდე განვითარების პროცესშია. თინეიჯერები კიბორგები არიან, ტელეფონები კი მათი მექანიკური თვალებია, რომლებიც მათ საკუთარი გამოცდილებების ინტერპრეტაციაში ეხმარებათ. "დოკუმენტირება",- წერს იურგენსონი, - "გულისხმობს ჩავერთოთ საკუთარ გამოცდილებებში, პასიურობისა და მათთვის შეუმჩნევლად ჩავლის უფლების მიცემის ნაცვლად". ამ საკითხთან დაკავშირებით იურგენსონის თითოეული მოსაზრება მართებულია და ცოტა არ იყოს - მოვალეობის შეგნებით განმსჭვალული: მისი აზრით, ნოსტალგიას გადაჭარბებულად ვაფასებთ, მაგრამ მას არც "ციფრული ასკეტიზმი" მოსწონს. ჩვენ არ უნდა ვუბრუნდებოდეთ იმ ეპოქის განხილვას, როცა ტექნოლოგიაზე ნაკლებად ვიყავით დამოკიდებულნი, რადგან ასეთ ეპოქას არც უარსებია. "ჩვენი რეალობა ყოველთვის წინასწარვე გაშუალებული, აუგმენტირებული და დოკუმენტირებული იყო", - წერს იგი, - "რაიმე სახის გაუშუალებელი სიწმინდის მდგომარეობა კი სრულიად მიუწვდომელია". ჩვენ უნდა გვაინტერესებდეს არა ის, კარგია თუ არა სოციალური ფოტოგრაფია, არამედ ის, თუ რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას.

იურგენსონი, აიხჰორნისაგან განსხვავებით, ნაკლებად დარდობს იმაზე, რომ ინტერნეტი ჩვენი წარსული ვერსიების დამარხვას ართულებს. რეალურად მას სიკვდილის უპირატესობა აშინებს. მისი აზრით ფოტოები თავიანთი სუბიექტების "ბალზამირებას" ახდენენ, მათ "გამყინავ შიშში აქცევენ, რომელიც სწორედ იმას კლავს, რის გადარჩენასაც მისი დაკარგვის შიშის გამო ცდილობს". მისთვის მუდმივი დოკუმენტაცია გაუცხოებაა: განცდა, რომ ჩვენი ჩვენი სხეულები მუდმივი მოძრაობების ნაცვლად უძრავ მომენტებს წარმოქმნიან. იგი გერმანელ სწავლულს, ვოლფგანგ შიფელბუშს იხსენებს, რომელიც ადამიანის აღქმაზე რკინიგზის გავლენას იკვლევდა. თავისი სიჩქარითა და შუშის ფანჯრებით "მატარებელი ბუნებას რაღაც უფრო ერთგვაროვანსა და პროგნოზირებად მოვლენად გარდაქმნის, არა ისეთად, რომელშიც იმოგზაურებ, არამედ ისეთად, რომელსაც მარტივად დაინახავ და შეითვისებ", - წერს იურგენსონი, - "ახლა, როცა ცხოვრების უფრო და უფრო დიდ ნაწილს კამერის ეკრანებს მიღმა განვიცდით, ნუთუ მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როცა ცხოვრებისეული გამოცდილებების დომხალი რაღაც ისეთად გარდაიქმნება, რაშიც თითქმის ვერაფერს დავაკვირდებით?"

მართლაც, გასაოცარი იქნებოდა, წარსულის მტკივნეული მომენტების დანახვა რომ შეგვეძლოს - მომენტებისა, რომლებზეც წლების მანძილზე ვფიქრობდით - როგორც მკვდარსა და ბალზამირებულზე. პრობლემა იმაშია, რომ ყველაზე მძიმე მოგონებები ფოტოებში, ვიდეოებსა თუ Twitter-ის პოსტებში არ აღიბეჭდება. ეკრანებს, თავდაცვითი მოგონებების მსგავსად, თავის არიდება ახასიათებთ - ისინი ზურგს აქცევენ ყოველივე მტკივნეულს. Instagram-ზე ძალიან ცოტა ატირებულ ბავშვს თუ ნახავთ. მეგობარმა, რომლის დედამაც მისი ოჯახის ყველა ვიდეო ციფრულ ფორმატში გადაიყვანა, ცოტა ხნის მომითხრო დაბადების დღის მნიშვნელოვანი წვეულების შესახებ, გორგოლაჭებით სასრიალო მოედანზე. მას ის დრამა დაამახსოვრდა, რომელიც წვეულებას წინ უძღოდა: იმ დროისათვის, იგი მწკრივად განლაგებული გორგოლაჭების მქონე "როლიკებით" იყო შეპყრობილი, როგორებიც, სასრიალო მოედანზე არ აღმოაჩნდათ, დედამისი მათ საყიდლად სპორტულ მაღაზიაში გაიქცა და დღე ჩაშლას ძლივს გადაარჩინა. ვიდეოში, როგორც აღმოჩნდა, ამ ამბიდან არაფერია აღბეჭილი. მასში მხოლოდ ტრიუმფი იყო ნაჩვენები - გამოსასყიდი მომენტი ცრემლების შემდეგ და ბედნიერი წრე მოედნის გარშემო.