"ახლა არის რთველი, მერე ციტრუსები და რომელ თვეში შეიძლება? მკათათვეში, თიბათისთვეში, ვარდობისთვეში? როდის შეიძლება, რომ რუსეთზე რამე განცხადება გაკეთდეს?" — ასე უპასუხა ევროპული საქართველოს დეპუტატმა, სერგი კაპანაძემ ქართული ოცნების დეპუტატის, გია გაჩეჩილაძის კითხვას რუსეთისთვის სანქციების გაზრდასთან დაკავშირებით.

გია გაჩეჩილაძის თქმით, ევროპულმა საქართველომ რეზოლუციის პროექტი რთველისა და ციტრუსების კრეფის პერიოდში წარადგინა.

"რეზოლუციის წარმოდგენა ხდება რთველის პერიოდში. ამავე დროს, ველოდებით აჭარაში ციტრუსების კრეფის დაწყებას. არის თუ არა თქვენი რეზოლუცია რუსეთის ინტერესების გამტარებელი, ანუ იმ საბაბის მიცემა რუსეთისათვის, რომელსაც დიდი ხანია ის ცდილობს, რომ საქართველოს გამოუცხადოს ეკონომიკური ბლოკადა. გადახედეთ ორი თვის წინანდელ პერიოდს და მიხვდებით რამდენადაა დაინტერესებელი ამაში რუსეთი. არის თუ არა ეს რეზოლუცია შემოგდებული იმისათვის, რომ რუსეთმა ეკონომიკური სანქციები გამოიყენოს კახეთის, აჭარისა და გურიის მოსახლეობის წინააღმდეგ?" — იკითხა გიორგი გაჩეჩილაძემ.

ევროპული საქართველო რუსეთისთვის საერთაშორისო დონეზე სანქციების გაზრდას ითხოვს და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციის მიზნით დადგენილების პროექტი დაარეგისტრირა. პროექტს დღეს, 16 სექტემბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

უმრავლესობის ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, ევროპული საქართველოს ინიციატივა "მავნეა და საქართველოსა და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი მოქალაქის დასჯას ისახავს მიზნად.