რუსთავი 2-ზე გადაცემა სხვა შუადღეს გვანცა დარასელია, თიკა ფაცაცია, არჩილ სოლოღაშვილი და ქრისტინე იმედაძე წაიყვანენ. ტელეკომპანიაში განვითარებული მოვლენების გამო არხი დატოვა გადაცემის ორმა წამყვანმა: ნინო ხოშტარიამ და ბაია დვალიშვილმა. ასევე, თანაწამყვანებმა: მარინა ბერიძემ, ლევან ბუთხუზმა და სალომე დადუნაშვილმა.

სხვა შუადღის ერთ-ერთმა პროდიუსერმა, თამუნა კობერიძემ On.ge-ს უთხრა, რომ გადაცემას ახალი წამყვანებიც ეყოლება, რომლის შესახებაც მაყურებელი მალე გაიგებს.

ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანები, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და გასართობი გადაცემის ავტორი და წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი.

ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. არხი დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვეს P.S.-ის გუნდმა, რეგიონის ჟურნალისტებმა და გადაცემა დილა მშვიდობისა საქართველოს ნაწილმა. გარდა ამისა, რუსთავი 2 დატოვა ვანო ჯავახიშვილმა, თამუნა ლეკვეიშვილმა, თათია სულუაშვილმა, ვასო ფხაკაძემ და კომედი ჯგუფის რამდენიმე მსახიობმა.