ქართული ოცნების დეპუტატი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი აცხადებს, რომ აშშ-ს საელჩოსთან პატრიოტთა ალიანსის ანტიდასავლური აქცია პოლიტიკურ მიზნებზე იყო ორიენტირებული.

მისი აზრით, ამ აქციის შინაარსი მავნებლური იყო, საერთაშორისო კონფერენციაზე დეივიდ კრამერის საქციელი კი "უკმეხი".

"მე ვფიქრობ, რომ ეს აქციაც გარკვეულ პოლიტიკურ მიზანზეა ორიენტირებული და თავისი შინაარსით მავნებლურია, ვინაიდან არ შეიძლება ვინმე კრამერის საქციელი, აბსოლუტურად შეუსაბამო, დაუკავშირო აშშ-ს. ამის მინიშნება აშკარად იგრძნობოდა. აშშ არის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა და არა არის დაკავშირებული კრამერის ან ამ ფორუმში მონაწილე სხვათა საქციელზე ან განცხადებებზე. ვფიქრობ, საზოგადოებამ ეს კარგად გაიგო, თუმცა მცდელობა, რომ აშშ გაიგივებული იყოს უკმეხ საქციელთან ქართველების და საქართველოს მიმართ, აშკარად იყო", — განაცხადა გია ვოლსკიმ.

15 სექტემბერს პატრიოტთა ალიანსმა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თბილისში ანტიდასავლური, ანტიამერიკული აქცია გამართა. საელჩოს სიახლოვეს გაძლიერებული იყო დაცვა, ეზოს გასწვრივ კი პოლიციას კორდონი ჰქონდა გაკეთებული. პატრიოტთა ალიანსის წევრები სიტყვით გამოსვლისას აჟღერებდნენ ანტიდასავლურ მესიჯებს და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნების, მეთიუ ბრაიზასა და დევიდ კრამერის პერსონა ნონ გრატად გამოცხადება მოითხოვეს. მათი მოთხოვნა უკავშირდება რამდენიმე დღის წინ სასტუმრო რუმსში კონფერენციაზე მომხდარ ინციდენტს, სადაც ირმა ინაშვილი დაუპატიჟებლად მივიდა, ამას კი დაპირისპირება მოჰყვა.

2017 წლიდან დევიდ კრამერი ფლორიდის უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებისა და საჯარო მართვის სკოლის უფროსი თანაშემწეა. იქამდე, კრამერი იყო მაკკეინის ინსტიტუტის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის გუნდის დირექტორი. ის იყო Freedom House-ის პრეზიდენტი; მუშაობდა ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციაში და იყო ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწე. ის არის რამდენიმე წიგნის ავტორი.