ევროპულმა საქართველომ შეიმუშავა დადგენილების პროექტი, რომლის მიზანიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხის საერთაშორისო დღის წესრიგში აქტუალიზაციაა. პროექტს დღეს, 16 სექტემბერს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილავენ.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, დადგენილების არსი შემდეგი სამი პუნქტია, კერძოდ:

  • საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევიდეს ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში;
  • ევროპის კავშირის და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაწესებული შესაბამისი პერსონალური სანქციების პაკეტებში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შეტანა;
  • ევროპის კავშირისა და აშშ-ს მიერ სანქციების შემოღება ყველა კომპანიის მიმართ, რომლებიც ეკონომიკურ საქმიანობას, მაგალითად, ეთნიკური წმენდის მსხვერპლთა ქონების გაქირავებას, წარმართავენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

დადგენილების პროექტის მიღების შედეგად საქართველოს მთავრობას დაევალება, მიიღოს ყველა ზომა და ჩაატაროს აუცილებელი დიპლომატიური და პოლიტიკური სამუშაო, რითაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან საოკუპაციო ძალების გაყვანა და 2008 წლის ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნა შევა ევროკავშირისა და აშშ-ს მიერ რუსეთის ფედერაციაზე დაკისრებული სხვადასხვა სანქციების მოთხოვნებში.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, გია ვოლსკიმ დადგენილების პროექტის განხილვამდე ბრიფინგი გამართა და თქვა, რომ აღნიშნულ ინიციატივას ქართული ოცნება მხარს არ დაუჭერს.

გია ვოლსკის განცხადებით, ევროპული საქართველოს მიზანია, გადაფაროს დანაშაულებრივი შეცდომები, ხოლო ოკუპაციის ფასი გადაიხადოს არა რუსეთმა, არამედ ქართველმა ხალხმა, საქართველომ.

"სხვა ახსნა არ შეიძლება ჰქონდეს ინიციატივას, რომელიც ფორმით თითქოს რუსეთისთვის პრობლემების შექმნას გულისხმობს, რეალურად, რუსეთის მხრიდან საქართველოსადმი მძიმე ეკონომიკური სანქციების გარანტირებულად დაწესებისათვის არის გამიზნული. შეუძლებელია, ეს არ ესმოდეთ ინიციატივის ავტორებს, რადგან ესმით, სწორედაც, ამ შედეგების გამოწვევა სურთ", — განაცხადა გია ვოლსკიმ საგანგებო ბრიფინგზე.

მისივე თქმით, ევროპული საქართველოს ინიციატივა "მავნეა და საქართველოსა და ქართველი ხალხის, განსაკუთრებით, ქვეყნის გარეთ მცხოვრები ასობით ათასი მოქალაქის დასჯას ისახავს მიზნად.