საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დამფუძნებელი, მამუკა ხაზარაძე ამბობს, გაზაფხულზე შექმნიან ჩრდილოვან კაბინეტს, რომელიც 12 ლიდერის მომზადებულ პროგრამას დაეყრდნობა. ამის შესახებ მან კვირის პალიტრასთან ინტერვიუში თქვა.

"საზოგადოებამ წინასწარ უნდა იცოდეს, ვინ იქნება პრემიერი, ასევე, უნდა იცოდეს, ვინ იქნებიან სხვადასხვა უწყების მინისტრები და რა პროგრამები ექნებათ მათ; რამდენად მცირე იქნება მთავრობის გუნდი, რადგან ხარჯები რადიკალურად უნდა შემცირდეს, ასეთ პატარა ქვეყანას ამხელა მთავრობა არ სჭირდება", — აცხადებს ხაზარაძე.

მისი თქმით, იმ პირების რესურსი, რომლებიც დღეს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობენ, გარდამავალ ეტაპზე აუცილებლად საჭირო იქნება და მათი ხელის ერთი მოსმით გაშვება გამორიცხულია.

ხაზარაძე ამბობს, რომ როგორც კი მისი პარტია დაფუძნდება, ხელმძღვანელ ბირთვს პრაიმერის საშუალებით აირჩევენ, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება.

"ამომრჩეველმა თავად უნდა აირჩიოს, ვინ იქნება პარტიის წამყვანი ბირთვი. ამიტომ, როგორც კი პარტიას დავაფუძნებთ, მის ხელმძღვანელ ბირთვს პრაიმერის საშუალებით ავირჩევთ, რაც საქართველოს ისტორიაში პირველი შემთხვევა იქნება. იქნებ 30 წლის შემდეგ მაინც დავამთავროთ ვიღაცის წინააღმდეგ ხმის მიცემა, რადგან ყოველთვის უკუშედეგი მივიღეთ, ინსტიტუციურად ვერ განვვითარდით", — აღნიშნავს ხაზარაძე.

მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს პრეზენტაცია 12 სექტემბერს ანაკლიაში გამართა. რაც შეეხება პოლიტიკური პარტიის დაფუძნებას, ის ამას უახლოეს დღეებში გეგმავს.