აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწის, დევიდ კრამერის თქმით, აშშ-ს ელჩის დანიშვნის გადადება საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შედეგია. #სირცხვილიას გადაცემაში კრამერმა, სავარაუდოდ, ბრიჯიტ ბრინკზე ისაუბრა. კრამერის თქმით, საქართველოს მთავრობამ ელჩობის კანდიდატი დაიწუნა.

"ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ დასახელებული კონკრეტული პირი საქართველოს მთავრობას უნდა დაემტკიცებინა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ის არ დაამტკიცა. დამტკიცების შემთხვევაში პირი, რომელიც გასულ წელს იყო ნომინირებული, შეერთებული შტატების ელჩი იქნებოდა საქართველოში. ეს ძალიან იშვიათად ხდება, როცა მთავრობა აშშ-ს მიერ წარდგენილ კანდიდატს არ ამტკიცებს. უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოს მთავრობას ძალიან გაუმართლა, რომ ამერიკის მთავრობამ ელჩობის პოზიციაზე სხვა კანდიდატი წარადგინა", — აღნიშნა კრამერმა.

ბრიჯიტ ბრინკის ელჩობის კანდიდატად წარდგენის შესახებ ინფორმაცია წინა წლის დეკემბერში გავრცელდა. წყაროების ინფორმაციით, საქართველოს მთავრობამ თბილისში ამერიკის ელჩის დანიშვნის პროცესი შეაყოვნა და სავარაუდოდ, დაბლოკა ბრიჯიტ ბრინკის კანდიდატურა. საქართველოს მთავრობა ბრინკის დაბლოკვის ბრალდებას კატეგორიულად უარყოფდა და სპეკულაციად აფასებდა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რომელიც ქართულ და ამერიკულ ანონიმურ წყაროებს ეფუძნება, ბრინკის სავარაუდო დაბლოკვის მიზეზი გახდა შეხედულებები, რომ ის საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან ასოცირდება და ამასთან, ვაშინგტონში რესპუბლიკური პარტიის მაღალ ეშელონებთან მყარი პერსონალური კონტაქტები არ აქვს.

ინტერპრესნიუსთან ინტერვიუში დიპლომატმა, დენიელ ფიდმა განაცხადა, რომ ქართულ ოცნებაში ბევრს ჰგონია, რომ ამერიკელები მხოლოდ სააკაშვილს უჭერენ მხარს, რის გამოც მათ საქართველოში ბრიჯიტ ბრინკის ელჩად დანიშვნა დაბლოკეს.

"ეს იყო შეცდომა. ამერიკა არც "პროსააკაშვილურია" და არც "პროივანიშვილური", ჩვენ საქართველოს მხარეს ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვინდა დავინახოთ საქართველოში მოქმედი ძლიერი სახელმწიფო ინსტიტუტები და დემოკრატია", — აღნიშნა ფიდმა.

აშშ-ს ელჩის მოვალეობას ამ დრომდე ელიზაბეთ რუდი ასრულებს. ელჩ იან კელის უფლებამოსილების ვადა 2018 წლის მარტში ამოეწურა, მას შემდეგ, უკვე წელიწადზე მეტია აშშ-ს საქართველოში ელჩი არ ჰყავს.

2019 წლის 4 სექტემბერს აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის კანდიდატურა დაასახელა. ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა დიპლომატი კელი დეგნანი წარადგინა.

კელი დეგნანი ამჟამად ევროპასა და აფრიკაში აშშ-ს სამხედრო საზღვაო ძალების სარდლის პოლიტიკური მრჩეველია. მანამდე ის კოსოვოსა და იტალიაში აშშ-ს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის მოადგილედ მუშაობდა. ასევე, ნატოში აშშ-ს წარმომადგენლობაში იყო პოლიტიკური მრჩეველი და თურქეთში აშშ-ს საელჩოში პოლიტიკური მრჩეველის მოადგილე.