საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში On.ge-ს უთხრეს, რომ ჭავჭავაძის გამზირზე მიწის ქვეშ მოყოლილი მუშის ცხედარი მაშველებმა უკვე ამოიყვანეს.

დღეს, 15 სექტემბერს ჭავჭავაძის 32 ნომერში სამშენებლო სამუშაოების დროს მიწა ჩამოიშალა და მუშა დაიღუპა. ადგილზე მისულ მაშველებს მუშა უკვე დაღუპული დახვდათ.

სამშენებლო სამუშაოები ილიას უნივერსიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. როგორც უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ქეთევან ლაკირბაიამ მთავარ არხს უთხრა, ეზოში სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია ენ ეს გრუპი აწარმოებდა. რაც შეეხება უსაფრთხოების ნორმების დაცვას, ლაკერბაია ამბობს, რომ უნივერსიტეტმა ტენდერი გამოაცხადა და ყველა სამუშაოზე პასუხისმგებელი კონტრაქტორი კომპანიაა.

თბილისის მერიაში On.ge-ს უთხრეს, რომ აღნიშნული სამშენებლო სამუშაოები ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას არ უკავშირდება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.