სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, შესწავლილი საჯარო დაწესებულებებიდან სახელმწიფო ავტოპარკით შვებულების დროს სარგებლობის ასეულობით შემთხვევა გამოვლინდა, რასაც ათასობით ლიტრი საწვავი მოხმარდა. შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 2017 წელს მოიცავს. დასკვნაში, რომელიც 13 სექტემბერს გამოქვეყნდა, 34 ორგანიზაციის 735 ავტომობილის საწვავით გამართვის შემთხვევაა გაანალიზებული.

აუდიტის დასკვნით, შვებულებაში ყოფნისას 10 ორგანიზაციაში ავტომანქანების საწვავით გამართვის 673 შემთხვევა გამოვლინდა, რა დროსაც ჩასხმულია 23 902 ლიტრი საწვავი. შესწავლილი ორგანიზაციებიდან, ხუთი შინაგან საქმეთა სამინისტროს შემადგენლობაშია. მათგან ყველაზე მეტი საწვავის მოხმარება შსს-ს მომსახურების სააგენტოსა და ცენტრალურ აპარატს დაუფიქსირდა.

გარდა ამისა, დასკვნაში წერია, რომ შვიდ ორგანიზაციაში ავტომანქანების საწვავით გამართვის 44 შემთხვევა გამოვლინდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ მივლინების დროს. ამ შემთხვევებისას ჯამში ჩასხმულია 1 633 ლიტრი საწვავი. ქვეყნის ფარგლებში მივლინებისას, 5 ორგანიზაციაში გამოვლინდა ავტომანქანების საწვავით გამართვის 158 შემთხვევა და სულ ჩასხმულია 5 946 ლიტრი საწვავი. დასკვნაში მითითებულია, რომ აღნიშნული მივლინების ბრძანებებით მოსარგებლე პირის ტრანსპორტირებისთვის გადაადგილების სხვა საშუალება იყო გამოყოფილი.

დასკვნაში აღნიშნულია ისიც, რომ ანალიზში არ მონაწილეობს მივლინებაში ან/და შვებულებაში გასვლის პირველ და ბოლო დღეს ავტომობილის საწვავით გამართვის შემთხვევები.

აუდიტის დასკვნით, 13 ორგანიზაციაში 83 ავტომობილზე სამუშაო დღეებში დაფიქსირდა საწვავით გამართვის 401 შემთხვევა. ამ მიზნით ჯამში 15 098 ლიტრის ოდენობით საწვავი ჩაასხეს იმ დროს, როცა ავტომობილით მოსარგებლე პირები არ იყვნენ მივლინებაში.

აუდიტი წერს, რომ შესწავლილმა ორგანიზაციებმა ვერ წარუდგინეს მათ შესაფერისი დოკუმენტი, რომელიც აღნიშნულ პერიოდებში ავტომობილების სამსახურებრივი დანიშნულებით გამოყენების ფაქტს დაადასტურებდა.