ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) ანგარიშის მიხედვით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ იყო შესაბამისად უზრუნველყოფილი.

ორგანიზაციის პრესრელიზში აღნიშნულია, რომ შერჩევის პროცესის ტექნიკური მხარე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, ზოგადად, კანონთან შესაბამისობაში უზრუნველყო. თუმცა საბჭოს საქმიანობა ხასიათდებოდა მწვავე შიდა უთანხმოებით, რაც ხშირად გამოიხატებოდა მტრულ დამოკიდებულებაში და ეს არაპროფესიულ გარემოს ქმნიდა.

"ODIHR-მა დააფიქსირა გარკვეული კონსტრუქციული ცვლილებები. როგორიცაა, ღია კონკურენტუნარიანი შერჩევის პროცესის დანერგა, რაც იძლევა საზოგადოებრივი ყურადღების გამახვილების საშუალებას და წარმოადგენს საქებ ნაბიჯს საქართველოში გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გასაუმჯობესებლად, აგრეთვე სასამართლო ხელისუფლების მიმართ საზოგადოებრივი ნდობის ასამაღლებლად. თუმცა, ODIHR-ის საკანონმდებლო მიმოხილვის ფარგლებში შემუშავებული რეკომენდაციების მხოლოდ მცირე ნაწილი იქნა გათვალისწინებული და კვლავ რჩება მრავალი ხარვეზი", — ნათქვამია განცხადებაში.

მათივე თქმით, კანდიდატთა საჯარო გასაუბრების პროცესი ძირითადად გამჭვირვალედ წარიმართა. ODIHR ამბობს, რომ მოსმენის შესახებ ინფორმაცია მოკლე ვადაში ვრცელდებოდა და გასაუბრების ადგილმდებარეობა დაკვირვების საშუალებას არ იძლეოდა:

"იუსტიციის საბჭომ არ დაამტკიცა გასაუბრების ჩატარების წესი ან პროცედურა, რათა უზრუნველყოფილიყო პროცესის სამართლიანობა და წესრიგი. აღნიშნულმა მიდგომა წარმოშობს კანდიდატთა მიმართებაში მოპყრობის არათანაბარ გარემოს და ზღუდავს პროცესის გამჭვირვალობას".

ODIHR მიესალმება ღია დანიშვნის წესის პროცედურის შემოღებას და პარლამენტის ძალისხმევას გაწეროს შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების დებულება, არსებული უფსკრულის აღმოსაფხვრელად. თუმცა, ორგანიზაცია ამბობს, რომ დაფიქსირდა რამდენიმე არსებითი ხარვეზი, მათ შორის შერჩევის პროცესში გამჭვირვალობის გარანტიების ნაკლებობა.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისთვის წარსადგენი უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატთა სია 20-კანდიდატიანი სია 4 სექტემბერს დაამტკიცა. ამ სიაში 5 ის მოსამართლეა, რომელიც პარლამენტში აქამდე წარდგენილ 10-კაციან სიაში იყო: გიორგი მიქაუტაძე; ნინო ქადაგიძე; პაატა სილაგაძე; მერაბ გაბინაშვილი; თამარ ალანია. სია პარლამენტს უკვე გადაეგზავნა.