ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი განმარტავს, თუ რატომ განახევრდა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში ინვესტიციები. ბიზნესზე მოქმედ ზეგავლენაზე მინისტრმა დღეს, 13 სექტემბერს მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა. მისი თქმით, ინვესტიციების კლება ინვესტორების სენტიმენტების ანუ განწყობების დაბალ დონეზე მიუთითებს:

"არის რამდენიმე ფაქტორი: ქვეყნის შიგნით მიმდინარე პოლიტიკური პროცესი, ერთი თვის წინ თუ ორი თვის წინ, დაძაბულობა, მთავრობის ცვლილება. ეს ყველაფერი ბიზნესზე მოქმედებს. არ აინტერესებს, ვინ არის მართალი, ტემპერატურა აიწევს? დამთავრებულია. დაიძაბება მეზობელთან ურთიერთობა? იქნება რუსეთი თუ თურქეთი? იქაც არ აინტერესებთ, ვინ არის მართალი და მტყუანი. ტემპერატურამ აიწია? სენტიმენტი ანუ განწყობები შემცირდა".

9 სექტემბერს გამოქვეყნებული სტატისტიკის ეროვნულო სამსახურის წინასწარი მონაცემებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2019 წლის მეორე კვარტალში 187 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის დაზუსტებულ მონაცემებზე 53,7 პროცენტით ნაკლებია.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები თითქმის 12 პროცენტით შემცირდა 2019 წლის პირველ კვარტალშიც.