რუსთავი 2-ის ყოფილ ფინანსურ დირექტორს, კახაბერ დამენიას თბილისის საქალაქო სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთანავე, მას ქვეყნის გასვლა შეეზღუდა. პროცესის დასრულების შემდეგ კახაბერ დამენიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ბრალს აღიარებს.

პროკურატურამ დამენიას ბრალი რუსთავი 2-ის ქონების ჯგუფურად მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვის მოტივით წაუყენა. რუსთავი 2-ის საქმეზე ბრალი წარედგინა ინტერმედია პლიუსის დირექტორს, ზურაბ იაშვილს. მას კომერციულ მოსყიდვასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენებით კომპანიისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებას ედავებიან.

ამასთანავე, ნიკა გვარამიას დაემატა კიდევ ერთი ბრალი, რაც რუსთავი 2-ის კუთვნილი ქონების დიდი ოდენობით გაფლანგვასა და გაყალბებას გულისხმობს.

პროკურატურის ვერსია

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის მაშინდელი გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია სარეკლამო კომპანია ინტერმედია პლუსისგან თანხას "ბაზარზე დამკვიდრებული პრაქტიკით" იმ დრომდე ითხოვდა, სანამ არხის დასაბრუნებლად დავას ქიბარ ხალვაში დაიწყებდა და წილები დაყადაღდებოდა. პროკურატურის ვერსიით, ამ დროიდან გვარამიამ სარეკლამო კომპანიისგან არსებობისათვის საჭირო მინიმალური ოდენობის თანხის მოთხოვნა დაიწყო.

"საერთო ჯამში, ნიკა გვარამიამ და კახაბერ დამენიამ, 2014 წელს ანალოგიურ მომსახურებაზე გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მიღებულ თანხებთან შედარებით (სულ 43 230 509 ლარი), შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ზე კომერციული რეკლამის განთავსების უფლების დათმობის სანაცვლოდ, 2015 წლის იანვარში გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, მოითხოვეს მხოლოდ 36 467 000 ლარის ანაზღაურება, რითაც მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგეს შპს ინტერმედია პლიუსისგან 6 763 509 ლარის მოთხოვნის უფლება", — აცხადებენ პროკურატურაში.

მათივე ინფორმაციით, ამის სანაცვლოდ ნიკა გვარამიამ ინტერმედია პლიუსის დირექტორის დახმარებით მიიღო თბილისში მდებარე ორი ბინა. პროკურატურის ვერსიით, გვარამიამ თავად შეარჩია ორივე ბინა, თუმცა ის ჯერ ინტერმედია პლიუსის საკუთრება გახდა, მოგვიანებით კი სესხის ფიქტიური ხელშეკრულებით მასე გადაფორმდა.

9 აგვისტოს პროკურატურამ ნიკა გვარამიას ბრალი წაუყენა. მას არხის დირექტორად მუშაობის დროს საზიანო გადაწყვეტილების მიღებას ედავებიან. სასამართლომ გვარამიას აღმკვეთ ღონისძიებად 40 000 ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა.