ილია მეორემ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და თავისი სახელით გიორგი გახარიას პრემიერად დანიშვნა მიულოცა. მისი თქმით, ეს საპატიო და ამავდროულად საპასუხისმგებლო თანამდებობაა.

მილოცვაში პატრიარქი წერს, რომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ჩვენს ქვეყანაში დაძაბული პოლიტიკური პროცესები არ დამცხრალა, რადგან სხვადასხვა ძალა ცდილობს გავლენის მოპოვებას და თავისი იდეოლოგიის გატარებას, ხალხი კი დადებით ცვლილებებს ელის. მისი თქმით, ამ ხნის განმავლობაში ვერ გადაიჭრა სხვა პრობლემებიც: "სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება, ეროვნული ფასეულობების წინ წამოწევა, ერის გამთლიანება და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა".

პატრიარქი იმედს გამოთქვამს, რომ "მეტად რთულ დროში" გახარიას მთავრობის ძალისხმევა მიმართული იქნება აღნიშნული პრობლემების დასაძლევად.

პარლამენტში მმართველმა პარტიამ ქართულმა ოცნებამ გიორგი გახარიას მთავრობა 8 სექტემბერს დაამტკიცა. გახარიას გაპრემიერებას კრიტიკულად შეხვდნენ ოპოზიცია და #სირცხვილიას სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც თითქმის სამი თვეა შს მინისტრის პოსტიდან გახარიას გადადგომას ითხოვდნენ. ისინი დღეს უკვე მის დაწინაურებას აპროტესტებენ.

უთანხმოება საპატრიარქოსა და გახარიას შორის

გიორგი გახარიას ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობის დროს ჰქონდა უთანხმოება საპატრიარქოსთან და სასულიერო პირების ნაწილთან. ამის მიზეზი მარიხუანას კულტივავიის კანონპროექტი გახდა, რომელიც შს სამინისტრომ შეიმუშავა.

ინფორმაციის გაჟღერებისთანავე საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სრულიად მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი შეეწინააღმდეგებოდა ნებისმიერი მიზნისთვის მარიხუანის რეალიზაციის ლეგალიზებას. ნაწილობრივ ასეც მოხდა. მეუფე ანტონმა კანონპროექტის წინააღმდეგ "სანთლების რევოლუცია" დააანონსა, მეუფე იაკობი ხელისუფლებას დაემუქრა, რომ ღალატს არ შეარჩენდა და ეკლესიის ძალას უჩვენებდა. იყო პარაკლისები ღია ცის ქვეშ და საპროტესტო აქციები.

გახარია პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარესთან, ირაკლი კობახიძესთან ერთად პატრიარქს პირადად შეხვდა, რის შემდეგაც კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო.

მართალია, კანონპროექტის ისტორია ისე დამთავრდა, რომ პარლამენტმა განხილვაც ვერ მოასწრო, მაგრამ კიდევ დიდხანს გაგრძელდა მეუფე იაკობის დაპირისპირება გახარიასთან. პატრიარქის ქორეპისკოპოსი ამბობდა, რომ პირადი უთანხმოების გამო გახარიას პრემიერობის უფლებას არ მისცემდა და მთავრობას პრობლემებს შეუქმნიდა.

მეუფის მტკიცებით, გახარიას "ცუდი რამეები" ჰქონდა გაკეთებული, რომლის გაგების შემთხვევაშიც ხელმძღვანელობა მოიშორებდა. ერთ თვეში მეუფე ამბობდა, რომ გახარიასთან "აბსოლუტურად დალაგებული" ურთიერთობა აქვს. ამ განცხადებიდან ორ თვეში კი, როცა გახარია უსაფრთხოების საბჭოს მდივანი გახდა, მეუფემ განაცხადა, რომ ეს რუსეთის და კერძოდ პუტინის მოთხოვნა იქნებოდა. რა ურთიერთობა აქვთ მათ ამ ეტაპზე უცნობია.